ახალი ამბები

აფხაზეთის ა/რ უმაღლესმა საბჭომ 2018 წელს მივლინებებში 82 ათას ლარზე მეტი დახარჯა

31 მაისი, 2019 •
აფხაზეთის ა/რ უმაღლესმა საბჭომ 2018 წელს მივლინებებში 82 ათას ლარზე მეტი დახარჯა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოს 2018 წლის ფინანსური მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. აუდიტის დასკვნის მიხედვით, აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოს მთელი რიგი დარღვევები აქვს.

უმაღლეს საბჭოს ბიუჯეტი 2018 წელს 1 994 000 ლარი იყო. აქედან 1 429 145 ლარი შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯა. 191 081 ლარი კი- შტატგარეშე თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე.

„უმაღლესი საბჭოს საფინანსო სამსახურის მიერ დაშვებული შეცდომებისა და არასწორი ბუღალტრული გატარებების გამო, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ფინანსურ ანგარიშგებაში არაფინანსური აქტივების, ძირითადი კაპიტალის მოხმარების და საცნობარო მუხლების აღრიცხვის კუთხით წარმოდგენილი ინფორმაცია არ არის სრული და უტყუარი“, – ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოს ჰყავს თავმჯდომარე,  თავმჯდომარის ორი მოადგილე, უმაღლეს საბჭოში მუშაობს 4 კომისია, 3 ფრაქცია. ასევე აქვს აპარატი, რომლის დაქვემდებარებაშია 6 დეპარტამენტი და 2 სამსახური.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, 2018 წელს აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭომ მივლინებებში 82 ათას ლარზე მეტი დახარჯა. საოფისე ხარჯმა 50 ათას ლარზე მეტი შეადგინა, წარმომადგნლობითი ხარჯებმა კი – 77 ათასი ლარი. ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯებმა 118 ლარს გადააჭარბა.

„უმაღლესი საბჭოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესწავლით გამოვლინდა, რომ 103 ხელშეკრულებიდან 63 შემთხვევაში მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმებულა. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირების არასათანადოდ განხორციელებული კონტროლი წარმოშობს რისკებს საქონელის და მომსახურების მიღების დადასტურებასა და აღრიცხვასთან დაკავშირებით,“ – ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

მივლინებები

2018 წელს აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭომ მივლინებებში 82 ათას ლარზე მეტი დახარჯა. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის გარეთ მივლინების პირველადი დოკუმენტაციის შესწავლით გამოვლინდა, რომ თანხის ფაქტობრივად გაცემისა და საავანსო ანგარიშის შედგენის თარიღი არ შეესაბამება ერთმანეთს.

„თანხის წინასწარი გაცემის დროს არ ხდება საავანსო ანგარიშის შედგენა. საავანსო ანგარიშის გახსნის თარიღად ყოველთვის ფიქსირდება დასრულებული მივლინების შემდგომი პერიოდი. შესაბამისად, ბუღალტრულ მონაცემებში ანგარიშვალდებულ პირებზე მივლინებისათვის გაცემული თანხები და მემორიალურ ორდერებში ანგარიშის ნაშთის მოძრაობა არ ემთხვევა ფინანსურ ანგრიშგებაში წარმოდგენილ ნაშთს“, – ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

ავტომანქანები

„ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯებმა  118 ათას ლარზე მეტი შეადგინა.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს ბალანსზე ირიცხებოდა 13 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, 4 ერთეული – განპიროვნებული და 9 ერთეულ სამორიგეო ავტომანქანა. უმაღლესი საბჭოს საშტატო რიცხოვნობის (64 ერთეული) გათვალისწინებით, უნდა გამოყოფილიყო არაუმეტეს 3 (სამი) სამორიგეო ავტომანქანა;

„სამორიგეო ავტომანქანებით სარგებლობის მოწესრიგებისა და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით, არ წარმოებდა ავტომანქანების წასვლა – მოსვლის აღრიცხვის ჟურნალი. ავტოსატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე არასათანადო კონტროლის ღონისძიებები ქმნის საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვისა და ავტომანქანების არაეფექტიანად გამოყენების რისკებს“, – ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

ხელფასები

თითქმის ორმილიონიანი ბიუჯეტიდან მილიონნახევარზე მეტს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭო ხელფასებზე ხარჯავს. აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადებისა და წასვლის ჟურნალი სრულად და ეფექტიანად ვერ უზრუნველყოფს თანამშრომელთა სამუშაო დროის კონტროლს,  რადგან ჟურნალში წარმოდგენილი მონაცემები შაბლონურია და მითითებულია ყველა თანამშრომლის მიერ სამსახურში გამოცხადებისა და სამსახურიდან წასვლის ერთი და იგივე დრო.

„სამსახურში გამოცხადების დრო: დილის 9:00 საათი და სამსახურის დასრულების დრო: საღამოს 18:00 საათი. ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც სამსახურში დაგვიანებით გამოცხადების გამო თანამშრომლების მიერ წარმოდგენილია ახსნა-განმარტებითი ბარათი, თუმცა ჟურნალში არ ჩანს დაგვიანების არცერთი ფაქტი, რაც ერთმნიშვნელოვნად ჟურნალის წარმოების ფორმალურ ხასიათზე მიუთითებს.

თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადებისა და წასვლის კონტროლის მნიშვნელოვან სისუსტეებზე წინა აუდიტის დროსაც აღინიშნა, თუმცა, პრობლემის მოგვარების მიზნით, უმაღლესი საბჭოს აპარატს ქმედითი ღონისძიება არ განუხორციელებია. შესაბამისად, კონტროლის მექანიზმი ისევ არაეფექტიანად ფუნქციონირებს და ხელფასების გაცემის საფუძვლების უტყუარობის მნიშვნელოვან რისკებს წარმოშობს“, – ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

“ნეტგაზეთი” კომენტარისთვის დაუკავშირდა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს.

” ძირითადად უმაღლესი საბჭოს მიერ გაზიარებულია ის შენიშვნები, რაც იყო აუდიტის დასკვნაში. იმ ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად, რაც იქნა დაფიქსირებული, მივიღებთ ზომებს”, – განგვიცხადეს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურში.

მასალების გადაბეჭდვის წესი