ახალი ამბები

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრები შეირჩა – პრემიერი

31 მაისი, 2019 • 1304
საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრები შეირჩა – პრემიერი

პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრები უკვე შეირჩა.

პარლამენტში გამოსვლისას ბახტაძემ საბჭოს წევრებიც დაასახელა და თქვა, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემა ერთადერთი სწორი გზაა, რომელსაც  საბაზრო ეკონომიკის მქონე წარმატებული ქვეყნები იყენებენ.

“საინვესტიციო საბჭო შეირჩა თქვენი მონაწილეობით და მინდა გითხრათ, რომ ობიექტური კრიტერიუმებით იხელმძღვანელეთ. ამ საინვესტიციო საბჭოში არიან ადამიანები, რომლებიც იყვნენ, მაგალითად, ფინეთის საპენსიო ფონდის ხელმძღვანელები, ასევე, საფრანგეთის საპენსიო საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელი. მსოფლიოში ნომერ პირველ საინვესტიციო ბანკის J.P Morgan ვიცეპრეზიდენტი… ესენი იქნებიან საინვესტიციო საბჭოს წევრები. თქვენ შეაფასეთ, რა თამასაზეა საუბარი, მით უმეტეს, ამ ყველაფერში მონაწილეობა თავად მიიღეთ”,-აცხადებს ბახტაძე.

საინვესტიციო საბჭოს წევრების შესარჩევი კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ საბჭომ კანდიდატები უუკვე შეარჩია, თუმცა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრები საბოლოოდ პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის თანახმად, საინვესტიციო საბჭო 5 წევრისგან შედგება და მის წევრებს პარლამენტი 5 წლის ვადით ამტკიცებს. მანამდე იქმნება საინვესტიციო საბჭოს წევრთა შესარჩევი კომისია.

შესარჩევი კომისია მიღებულ  განცხადებებს განიხილავს, ასევე იქნება გასაუბრების ეტაპი. ამ პროცესის დასრულების შემდეგ კომისია შერჩეულ 5 წევრს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს.

საინვესტიციო საბჭომ საპენსიო ფონდის საინვესტიციო პოლიტიკა უნდა განსაზღვროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი