ახალი ამბები

ცენზურა რუსეთში – ელტონ ჯონზე გადაღებული ფილმიდან გეი სცენები ამოჭრეს

31 მაისი, 2019 •
ცენზურა რუსეთში – ელტონ ჯონზე გადაღებული ფილმიდან გეი სცენები ამოჭრეს

ელტონ ჯოზე გადაღებული ფილმი Rocketman რუსეთში ცენზურის მსხვერპლი გახდა – ფილმიდან ამოჭრეს გეი სექსის, კოცნისა და ნარკოტიკების მოხმარების ამსახველი სცენები. ამის შესახებ რუსული ტელეარხი tv Rain წერს იმ ჟურნალისტებსა და კინოკრიტიკოსებზე დაყრდნობით, რომლებიც წინასაპრემიერო ჩვენებას დაესწრნენ მოსკოვში. ფილმის პრემიერა რუსეთში 6 ივნისს არის დაგეგმილი.

“Rocketman-ის რუსული ვერსიიდან რამდენიმე სცენა გაქრა: ნარკოტიკების მოხმარების სცენა, კადრი ტიტრებიდან, რომელზეც ეწერა, რომ ელტონ ჯონმა საბოლოოდ თავისი ნამდვილი სიყვარული იპოვა (აქვე იყო ფოტო მეუღლესთან ერთად), და ყველაზე მთავარი – სექსის სცენა, სადაც ორი კაცი დაკავებულია სიყვარულით მისიონერულ პოზაში (ამის ხაზგასმა მნიშვნელოვანია, რადგან მათ გრძნობებსა და ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობებს შორის განსხვავებები არ არსებობს – სიყვარული ყველასთვის ერთია)” – tv Rain-ის ცნობით თქვა კრიტიკოსნმა ეგორ მასკვიტინმა, რომელმაც ფილმის სრული ვერსია, ცენზურის გარეშე, მაისში კანის ფესტივალზეც იხილა.

Rocketman მუსიკოს ელტონ ჯონზე გადაღებული ბიოგრაფიული ფილმია, რომლის რეჟისორიც დექსტერ ფლეტჩერია. ფლეტჩერმა 2018 წელს ფრედი მერკურიზე გადაღებული ფილმის, Bohemian Rhapsody-ის რეჟისორი ბრაიან ზინგერი ჩაანაცვლა და სწორედ მას მოუწია აღნიშნული ფილმის დასრულება. როგორც The Guardian წერს,  ზინგერის გათავისუფლების მიზეზი გახდა ფილმის ჩინური ვერსიიდან გეი კოცნისა და ნარკოტიკების მოხმარების სცენების ამოჭრა, ასევე, ბრალდებები “სთრეითვოშინგთან” დაკავშირებით. ტერმინ “სთრეითვოშინგით” ჰოლივუდში აღნიშნავენ ქმედებას, როდესაც არაჰეტეროსექსუალ პერსონაჟებს ფილმებში არგებენ მეინსტრიმულ კულტურულ ნორმებს და წარმოაჩენენ ჰეტეროსექსუალებად.

რაც შეეხება ელტონ ჯონს, მან 1992 წელს განაცხადა იმის შესახებ, რომ იყო გეი. უფრო ადრე დაქორწინებული იყო ქალზე და 1970-იანი წლებიდან ამბობდა, რომ იყო ბისექსუალი.

მასალების გადაბეჭდვის წესი