ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ქალაქის საკრებულოს წევრ ნანა კოსტავას მიერ დღეს ფეისბუკზე დაწერილ პოსტს, რომელსაც საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა, ემიჯნება და გმობს. მერის თქმით, კოსტავას მიერ დაფიქსირებული პოზიცია მისთვის აბსოლუტურად მიუღებელია.
“პირველ რიგში, ვიზიარებ ოჯახის დიდ ტკივილს. რაც შეეხება საკრებულოს წევრის მხრიდან დაწერილ პოსტს, მე პირადად და ასევე ჩვენი გუნდი ვგმობთ და ვემიჯნებით ამ დამოკიდებულებას, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია”, – აცხადებს ქუთაისის მერი.
დღეს ქუთაისის საკრებულოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ქუთაისის საკრებულოდან ფრაქცია ქართული ოცნება-კონსერვატორების თავმჯდომარის, ნანა კოსტავას მიერ დაკავებული თანამდებობის დატოვებას ითხოდნენ.
პროტესტი მოჰყვა კოსტავას მიერ ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტს. “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!” – ასეთი აღწერით გააზიარა 28 მაისს ნანა კოსტავამ სოციალური მედიის მენეჯერ სალომე ბარკერის 2018 წლის ერთ-ერთი ვიდეოშარჟი.
სალომე ბარკერის 16 წლის და რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, სასკოლო ექსკურსიაზე ყოფნისას, მდინარეში ჩავარდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.
სალომე ბარკერის დის შესახებ გამოქვეყნებული პოსტი ნანა კოსტავამ ფეისბუკიდან წაშალა. მან ასევე წაშალა კომენტარი, რომლითაც ბოდიშს იხდიდა პირველი პოსტის გამო.