ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, პირველ ივნისს, თბილისის მერიისა და რაიონული გამგეობების ორგანიზებით დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში ბავშვებისთვის გასართობი ღონისძიებები გაიმართება.
ვაკე
დედაქალაქის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და ვაკის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ვაკის პარკში გაიმართება გასართობი ღონისძიებები, რომელიც 12:00-დან 19:00 საათამდე გასტანს.
მერიის განცხადებით, ღონისძიება მოიცავს საბავშვო სტუდიების და ბაგა-ბაღების აღსაზრდელების კონცერტს, თოჯინების თეატრის წარმოდგენებს, ზღაპრის გმირების გასართობ აქტივობებს, კონტაქტურ ზოოპარკს, დრამერებისა და ანიმატორების შოუს, საბავშვო-გასართობ სადგურებს 20-ზე მეტ ადგილზე, საპნის ბუშტების შოუს, ზალიკოს ცენტრის კუთხეს, კულინარიულ კუთხეს, ორიგამის კუთხეს, ქიმიურ ლაბორატორიას, ილუზიონისტების შოუს, საბავშვო გამომცემლობების კუთხეს, ტიტანის რობოტების შოუს და ა.შ.
მთაწმინდა
13:00-დან 22:30 საათამდე კი, დედაქალაქის მერიის განცხადებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის წინ გაიმართება სასახლის აღსაზრდელთა კონცერტი და სახელოვნებო სკოლების გამოფენა.
9 აპრილის ბაღში კი საპნის ბუშტების შოუ მოეწყობა. დაგეგმილ აქტივობებს შორის, რომლებშიც ბავშვებს შეეძლებათ ჩართვა, არის კლდეზე ცოცვა, ბატუტი, ვირტუალური რეალობის სივრცეები და ილუზიონისტების შოუ. ღონისძიება საბავშვო ანსამბლის კონცერტით დასრულდება.
საბურთალო
საბურთალოზე, გოძიაშვილის სახელობის პარკში გაიმართება კონცერტი „ბზიკების“, „ლურჯა ცხენების“, „რეზო და ბავშვების“, საჯარო სკოლების სტუდიებისა და ბაღების აღსაზრდელების მონაწილეობით. ასევე, მოეწყობა რამდენიმე გასართობი სივრცე.
გლდანი
ბავშვებისთვის სხვადასხვა გასართობი აქტივობაა დაგეგმილი გლდანის პარკშიც.
კრწანისი
კრწანისში კი საბავშვო ღონისძიებები ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკში გაიმართება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება თოჯინების თეატრი, ბაკურ სულაკაურის ხატვის მასტერკლასი, მხიარული სტარტები, კლოუნები და ზღაპრის გმირები.
საღამოს დაასრულებს ბავშვთა ორკესტრი. ისნის რაიონის გამგეობა პატარებს რიყის პარკს დაუთმობს. წინასწარ შერჩეულ რამდენიმე ადგილზე მოეწყობა მაგიდის ფეხბურთი, მაგიდის ჰოკეი, „ბრაზიანი ჩიტები“, გასაბერი ბატუტი. პატარებს გაართობენ მასკოტები, ოჩოფეხები და ანიმატორები. გაიმართება საპნის ბუშტების, ილუზიონისტების და აზოტის შოუ, ასევე, მხიარული სტარტები.
ჩუღურეთი
ჩუღურეთის რაიონის გამგეობა ღონისძიებას აღმაშენებლის N61-ში გამართავს. მოწვეულ პატარებს აქაც კონცერტი, ანიმატორები, სხვადასხვა თამაშები და შოუები ელით.
სამგორი
სამგორის რაიონის გამგეობა საბავშვო ღონისძიებას „ჰუალინგ ჯგუფთან“ ერთად სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე გამართავს.
მთელი დღის განმავლობაში აქ იგეგმება სპორტული შეჯიბრებები, თამაშები, მოძრაობის თეატრის შოუ, კონტაქტური ზოოპარკი, ანიმატორების და ილუზიონისტების შოუები, გამოფენა-გაყიდვა და კახა კუხიანიძის სტუდიის საბავშვო საკონცერტო პროგრამა. საღამო სტეფანეს კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდება.
ნაძალადევი
ნაძალადევის რაიონის გამგეობა ღონისძიებას ზღვის უბანში გამართავს. კონცერტში მონაწილეობას 20 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები მიიღებენ.
ბავშვთა დაცვის დღეს თბილისის ზოოპარკიც სპეციალური პროგრამით აღნიშნავს. მრავალფეროვანი ღონისძიების პარალელურად, აქვე გაიმართება ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თავშესაფრის შინაური ცხოველების გაჩუქების აქცია.
ამავე დღეს საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდებიან მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენციის – „ადამიანი და ცხოველთა სამყარო“ გამარჯვებულები.