ახალი ამბები

კაკაურიძე ირწმუნება, რომ ნებართვაზე გადაწყვეტილება მინისტრისგან დამოუკიდებლად მიიღო

30 მაისი, 2019 •
კაკაურიძე ირწმუნება, რომ ნებართვაზე გადაწყვეტილება მინისტრისგან დამოუკიდებლად მიიღო

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უკვე ყოფილი უფროსი გროგოლ კაკაურიძე აცხადებს, რომ “ეიპიემ ტერმინალს” ისე მისცა ნებართვა ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომ ეკონომიკის მინისტრისთვის არ შეუტყობინებია. მისივე თქმით, ეს ბრძანება უკვე ძალადაკარგულია. ჟურნალისტების კითხვებს სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა არ უპასუხა.

“მინდა დავადასტურო, რომ ფოთის პორტის ეიპიემ ტერმინალის მიწის ნაკვეთის პირობების გამოყენების დამტკიცების თაობაზე გადაწყვეტილება მე მივიღე. ეს გადაწყვეტილება ეკონომიკის მინისტრისთვის არ მიცნობებია. ბრძანებაში გარკვეული ხარვეზები იყო, ამას ვადასტურებ და დღეის მდგომარეობით ეს ბრძანება ძალადაკარგულია”, – განაცხადა კაკაურიძემ.

დღეს, 30 მაისს ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მინისტრის თქმით, კაკაურიძემ სს “კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის” შვილობილ კომპანიას – “ეიპიემ ტერმინალს-ფოთი” – ისე მისცა ღრმაწყლოვანი პორტის მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი, რომ ეს გადაწყვეტილება მასთან ან მთავრობის სხვა წევრებთან შეთანხმებული არ ყოფილა.

„დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას – ეს არის ე.წ. მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი, რომელიც გაიცა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით ისე, რომ ეს საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული არცერთ მოქმედ მთავრობის წევრთან და არც პირადად ჩემთან. გარდა ამისა, როგორც გაირკვა, იქ არის პროცედურული დარღვევებიც, რითიც არის გაცემული ეს დოკუმენტი. აქედან გამომდინარე, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაუქმდა ეს დოკუმენტი, ხოლო სააგენტოს ხელმძღვანელი გადაყენებულია დაკავებული თანამდებობიდან“, – აცხადებს თურნავა.

29 მაისს “ეიპიემ ტერმინალს ფოთმა” ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის   ნებართვის მიღების შესახებ განაცხადა.

“ფოთის საზღვაო ნავსადგური აფასებს ახლახან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემით გამოხატულ მხარდაჭერას, რაც ფოთის პორტის გავლით ლოგისტიკური ჯაჭვის გაძლიერებას და ქალაქის განვითარებას შეუწყობს ხელს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც კომპანიამ გაავრცელა.

აღნიშნულს დაუყონებლივ მოჰყვა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მწვავე განცხადება. სწორედ ეს კონსორციუმი აშენებს ფოთის სიახლოვეს, ანაკლიაში, საქართველოში პირველ ღრმაწყლოვან პორტს. ანაკლიის პორტის მშენებელმა კონსორციუმმა “შოკისმომგვრელად” შეაფასა ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე გამოცემული ბრძანება და დასძინა, რომ თუ აღნიშნულს არ მოჰყვებოდა “რადიკალური რეაგირება”, საფრთხე შეექმნებოდა ანაკლიის პორტის მშენებლობას.

“თუ ამ ფაქტს მთავრობის რეაქცია არ მოჰყვება, ანაკლიის პროექტი შეჩერდება” – კონსორციუმის საგანგებო განცხადება

მასალების გადაბეჭდვის წესი