პარლამენტმა მეორე მოსმენით ჩააგდო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეებს ადმინისტრაციული წესით დაკისრებული ჯარიმის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრება შეეძლებოდათ.
კანონპროექტი ეკა ბესელიამ და გედევან ფოფხაძემ მოამზადეს. ბესელიას თქმით, კანონპროექტი მიზნად ისახავდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანას:
“პარლამენტის უმრავლესობამ დღეს მხარი არ დაუჭირა ჩემი და გედი ფოფხაძის კანონპროექტს, რომლითაც მოქალაქეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, ადმინისტრაციული წესით დადებული ჯარიმა გაასაჩივრონ ზემდგომ სასამართლოში. საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ უკანონოა კანონი, რითიც მათ ეს უფლება წაერთვათ.
ჩვენ მოვამზადეთ ახალი პროექტი, რომლითაც დაცვის სამართლიანი გარანტიები შემოგვქონდა. ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე (კილაძე) და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე(ოხანაშვილი) რომ წინააღმდეგ მისცემს ხმას ამ კანონპროექტს, რომლითაც უნდა მოხდეს მოქალაქეთა უფლებების დაცვა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება -აი, ამ ფაქტს რაღა კომენტარი სჭირდება?! ტრაგიკომედიაა, დღეს რაც ხდება პარლამენტში ხდება” ,- ამბობს ბესელია.
კანონპროექტის თანაავტორი გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ კანონპროექტის ჩაგდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის ხელის შეშლაა:
“მე მიმაჩნია, რომ ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის ხელის შეშლა და მეტი არაფერი. კონსტიტუციას ეწინააღმდეგება თუ არა რამე, ამაზე გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო.
მისი გადაწყვეტილება პრდაპირ ნიშნავს, რომ რაღაც ეწინააღმდეგება, ან არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და როდესაც შენ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილების აღსრულებას შენებურად ცდილობ, რომ კლანს ასიამოვნო, კონსტიტუციისთვის ფეხით გადავლაა”, – ამბობს გედევან ფოფხაძე.