“მთავრობამ უკან დაიხია, ძალიან უხეშად გამოუვიდა ანაკლიის პორტის პროექტის ჩაგდება, ამას მოჰყვებოდა ძალიან დიდი და საერთაშორისო რეზონანსი”, – ასე აფასებს პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის ლიდერი რომან გოცირიძე ფოთის პორტისა და ანაკლიის პროექტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ „სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ – „ეიპიემ ტერმინალსის“ შვილობილი კომპანიისთვის მიცემული ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა გააუქმა. ამ ნებართვის გამო გუშინ შეშფოთება გამოხატა ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა, რომელიც ანაკლიაში აშენებს ღრმაწყლოვან პორტს.
ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას თქმით, გაცემული დოკუმენტი სამშენებლო ნებართვა არ იყო და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-მა ნებართვა ისე გასცა, რომ ის მთავრობასთან შეთანხმებული არ ყოფილა.
“წარმოუდგენელია, რომ ერთი თვის წინ გაცემული დოკუმენტი არ სცოდნოდა მინისტრს, მოხსნეს უდანაშაულო ადამიანი, ვინმე კაკაურიძე, ჯოხი გადატეხეს მასზე, როგორც ამბობენ არის პროფესიონალი და წესიერი კაცი. კეთილი ინებოს, გამოცხადდეს და მოახსენოს პარლამენტს, თუ რა მოხდა და რატომ არის განტევების ვაცად გადაქცეული და რატომ შეახოცეს მას ხელი. ანაკლიის პროექტის ჩაგდება სწორედ ამ მექანიზმით იყო გათვალისწინებული, არავითარი ღრმაწყლოვანი პორტი ფოთში არ აშენდებოდა”, – აცხადებს გოცირიძე.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შეწყვეტის საფრთხის შესახებ ინფორმაცია 29 მაისს, გვიან ღამით გაავრცელა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა”. აღნიშნულს წინ უძღოდა ინფორმაციის გავრცელება იმის შესახებ, რომ ეკონომიკის სამინისტრომ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა ფოთის პორტში, ანაკლიის სიახლოვეს გასცა. როგორც ანაკლიის მშენებელი კონსორციუმი აცხადებს, ამის შესახებ არაფერი იცოდნენ და ინფორმაცია მედიით გაიგეს.
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.
მინისტრის თქმით, კაკაურიძემ სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის შვილობილ კომპანიას ისე მისცა ღრმაწყლოვანი პორტის მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი, რომ ეს გადაწყვეტილება მასთან ან მთავრობის სხვა წევრებთან შეთანხმებული არ ყოფილა.