ბარსელონაში, მიტოვებულ შენობაში მყოფი ქართველები, რომლებიც ესპანეთში თავშესაფარს ითხოვენ, პოლიციამ გამოასახლა. შემთხვევა 29 მაისს მოხდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, მოლაპარაკებებში საქართველოს კონსული მალევე ჩაერთო, თუმცა მოქალაქეების სტატუსი პროცესს ართულებს.
ადგილობრივი პრესა იუწყება, რომ ყოფილი სკოლის შენობიდან სამართალდამცავებმა სულ 119 ადამიანი გამოასახლეს, მათ შორის 79 – საქართველოს მოქალაქე. ქართული მხარის თანახმად, საუბარია საქართველოდან წასულ 11 ოჯახზე.
როგორც საგარეო უწყებაში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, საქართველოს კონსული ბარსელონაში, ქეთევან გოგოლაშვილი, პროცესში შუადღისას ჩაერთო და ესპანურ მხარესთან მოლაპარაკებას შუაღამემდე აწარმოებდა. შედეგად, ქართულმა ოჯახებმა გასათევი ერთი ღამით მიიღეს, თუმცა, რა იქნება შემდეგ და მისცემენ თუ არა მათ მუდმივ თავშესაფარს ქვეყანაში, სამინისტროს ცნობით, ქართულ მხარეზე დამოკიდებული არ არის.
“როცა საქმე ეხება თავშესაფრის მაძიებლობას, ქართველი მხარე შეზღუდულია მათი უფლებების რაიმე სახით დაცვისგან იმიტომ, რომ ეს ადამიანები საკუთარ ქვეყანას გაურბიან და თავშესაფარს ითხოვენ უცხო ქვეყანაში. შესაბამისად, ესპანური მხარე უზღუდავს ქართულ მხარეს მათი უფლებების რაიმე სახით დაცვას. ეს არის საერთაშორისო კონვენცია”, – აცხადებენ სამინისტროში.