ახალი ამბები

ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობა 100-დან 500 ლარამდე დაჯარიმდება

29 მაისი, 2019 • 1520
ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობა 100-დან 500 ლარამდე დაჯარიმდება

ცხოველის ან ფრინველისადმი არასათანადო მოპყრობა, რაც იწვევს მათ წვალებას, ტანჯვას, ტკივილის მიყენებას, სხეულის დაზიანებას, ფიზიკურ შეწუხებას, როგორც ერთჯერადად, ასევე განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, 100 ლარიდან 500 ლარამდე ოდენობით დაჯარიმდება.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. დღეის მდგომარეობით, ცხოველებისა და ფრინველებისადმი სასტიკი მოპყრობისათვის ჯარიმის ოდენობა შრომის ანაზღაურების ერთი მინიმალური ოდენობაა (40 ლარი).

ცვლილებების თანახმად, ცხოველებისა და ფრინველებისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მათი დაღუპვა გამოიწვია, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საფუძველი აღარ იქნება და სისხლის სამართლის კოდექსით დაისჯება. კერძოდ, ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, დაისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 120-დან 240 საათამდე, შინაპატიმრობით 6 თვიდან 1 წლამდე, ჯარიმით ან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

მასალების გადაბეჭდვის წესი