სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანის საბავშვო ბაღში თაბაშირ-მუყაოს ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევა 28 მაისს, მაშინ მოხდა, როდესაც შენობაში არავინ იმყოფებოდა.
ნეტგაზეთი დაუკავშირდა სოფლის დეპუტატს, გოჩა შანშაშვილს, რომელმაც გვითხრა, რომ ჭერი ერთ-ერთ ოთახში ჩამოიშალა, რისი სავარაუდო მიზეზიც წყლის გაჟონვაა.
“როგორც ჩანს, ჭერში გაჟონა წყალმა და ის დალბა, თუმცა ოთახებში ჭერს არაფერი ეტყობოდა. ეს პირველადი ვერსიაა”, – ამბობს დეპუტატი და ამატებს, რომ ბაღს რეაბილიტაცია 2 წლის წინ ჩაუტარდა.
რაც შეეხება ბავშვებს, გოჩა შანშაშვილი აცხადებს, რომ ბავშვები დღეს ბაღში იყვნენ, თუმცა ხვალიდან ბაღი მუშაობას ცოტა ხნით შეწყვეტს.