გიგი უგულავა მთაწმინდის მაჟორიტარობის ყოფილ კანდიდატს, ლევან იოსელიანს აკრიტიკებს, რომელმაც განაცხადა, რომ მისი ამომრჩევლის გადაწყვეტილებით, მთაწმინდის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მხარს ვერც ერთ კანდიდატს ვერ დაუჭერს.
უგულავას თქმით, ალეკო ელისაშვილსა და ლევან იოსელიანს მეტი დაფიქრება მართებთ, თუ რატომ დაეცა მათი მხარდაჭერა 17%-დან 6%-მდე:
“ამომრჩეველს გამბედავი კანდიდატი მოსწონს და არა თავის თავში ჩაკეტილი და საკუთარ თავზე შეყვარებული. შალვა შავგულიძეს ახალ პარტნიორებს უწუნებს ბატონი იოსელიანი (შესაბამისად, ელისაშვილი).
ეგ როგორ გამოდის, ბიჭებო?! თქვენს მხარდაჭერას როცა გვთხოვდით ჩვენ, მაშინ მისაღები ვიყავით? როცა ბატონი ელისაშვილი მთაწმინდაზე ერთიან ოპოზიციურ კანდიდატზე საუბრობდა (რატომღაც, ერთიანი კანდიდატი ყველას მხოლოდ საკუთარი თავი წარმოუდგენია), მაშინ რატომ არ ჰკითხა თავის ამომრჩეველს, ვუნდოდით თუ არა “ევროპული საქართველო” პარტნიორად? ნაციონალებზე აღარაფერს ვამბობ – მათ გარეშე როგორ წარმოედგინათ მთაწმინდაზე ერთიანი ოპოზიციის კანდიდატობა?!
მოკლედ, სამწუხაროდ, ტყუილი და ფარისევლობაა ეს ყველაფერი. დარწმუნებული ვარ, თუ ელისაშვილს არ ყოფნის გამბედაობა, მის ამომრჩეველს ნამდვილად ეყოფა, რადგან გამბედაობაა გამარჯვების საფუძველი”, – ამბობს გიგი უგულავა.
2019 წლის შუალედურ არჩევნებში „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ ხმათა 36.84% მიიღო, “ქართული ოცნების” კანდიდატმა ლადო კახაძემ კი – 41.01%.
რაც შეეხება თავად ლევან იოსელიანს, ის ალეკო ელისაშვილთან ერთად “სამოქალაქო მოძრაობის” წევრია და კანდიდატად საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. იოსელიანმა არჩევნების პირველ ტურში ხმათა 6.55% მიიღო.
მეორე ტური მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში 9 ივნისს გაიმართება.