მთაწმინდის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ 2019 წლის შუალედური არჩევნების მეორე ტურში მხარს არცერთ კანდიდატს არ უჭერს.
იოსელიანმა შალვა შვგულიძის მიმართ პიროვნული პატივისცემა დაადასტურა, თუმცა ამბობს, რომ მისი ამომრჩევლისთვის მიუღებელია იმ კანდიდატისთვის მხარდაჭერის გამოცხადება, რომელმაც პოლიტიკური მომავალი მათთვის მიუღებელ გუნდს დაუკავშირდა:
“მთელი ამ პერიოდის მანძილზე გვეკითხებიდნენ, თუ რომელ კანდიდატს ვუჭერდით მხარს მეორე ტურში, თუმცა ეს კითხვა თავიდანვე იყო არასწორი. ჩვენ არასდროს განგვიხილავს სახელისუფლებო კანდიდატის მხარდაჭერა. მთელი ეს პერიოდი ვფიქრობდით, დაგვეჭირა თუ არა მხარი შალვა შავგულიძისთვის. ვფიქრობ, მოვიქეცით პასუხისმგებლობით, როცა ვთქვით, რომ ეს უნდა ვკითხოთ ხალხს, ჩვენს ამომრჩეველს, რომელმაც მხარი დამიჭირა.
მთელი 10 დღის განმავლობაში სხვა არაფერი გამიკეთებია გარდა იმისა, რომ დავდიოდი ჩემს ამომრჩეველთან და ვეკითხებოდი აზრს, რას ფიქრობდნენ ისინი და როგორ უნდა მოვქცეულიყავით. იმიტომ, რომ ვხვდები, ეს 7%-იანი მხარდაჭერა ჩემ მიმართ გმაოხატული დიდი ნდობაა და არ მაქვს უფლება, მარტომ გადავწყვიტო, როგორ მოვიქცე”, – განაცხადა იოსელიანმა.
2019 წლის შუალედურ არჩევნებში „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ ხმათა 36.84% მიიღო, “ქართული ოცნების” კანდიდატმა ლადო კახაძემ კი – 41.01%.
რაც შეეხება თავად ლევან იოსელიანს, ის ალეკო ელისაშვილთან ერთად “სამოქალაქო მოძრაობის” წევრია და კანდიდატად საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. იოსელიანმა არჩევნების პირველ ტურში ხმათა 6.55% მიიღო.
მეორე ტური მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში 9 ივნისს გაიმართება.