„საქართველოში რუსეთის მიერ აღმართული მავთულხლართები ბერლინის კედელივით დაიშლება,“ – განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა პორტუგალიაში საერთაშორისო კონფერენციაზე.
„ბერლინის კედლის დაცემა ჩვენთვის წარმოადგენს შთაგონების წყაროს, რომ ახალი კედლები, რომლებიც საქართველოში რუსეთის მიერ არის აღმართული, იმავე ბედს გაიზიარებს. ეს კედლები არის მავთულხლართები, რომლითაც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არის შემოსაზღვრული. ისინი ასზე მეტ სოფელზე გადის და აქ მცხოვრებ ადამიანებს ერთმანეთისგან ჰყოფს. გარდა გაყოფისა, მოსკოვი ადგილზე რეგიონის რუსიფიკაციის მცდელობას ახდენს. ყველაზე ცნობილი ხერხი, რომელსაც კრემლი იყენებს, უკანონო პასპორტიზაციაა.
მოსკოვს უნდა, რომ მეზობელი ქვეყნები რუსეთის ორბიტაზე დარჩნენ და არ გადაუხვიონ უფრო სასურველი მიზნების მისაღწევად, მაგალითად, როგორიცაა ევროკავშირი და ევროატლანტიკური ინსტიტუტები. სწორედ ამიტომ, საქართველოსთვის ეს არა მხოლოდ არჩევანი, არამედ თავისუფლებისთვის ბრძოლაა და ამის დათმობას არ ვაპირებთ”, – განაცხადა ციხელაშვილმა.
როგორც მინისტრის აპარატში აცხადებენ, კონფერენციას ესწრებოდნენ ნობელის პრემიის ლაურეატები, წამყვანი გამოცემების ჟურნალისტები და სხვადასხვა ქვეყნის მოქმედი და ყოფილი მეთაურები. მათ შორის, პორტუგალიის პრეზიდენტი მარსელუ რებელუ დი სოზა, ხორვატიის პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ–კიტაროვიჩი, სლოვენიის ყოფილი პრეზიდენტი დანილო ტიურკი, ბოლივიის ყოფილი პრეზიდენტი კარლოს მესა, ბელგიის ყოფილი პრემიერ–მინისტრი გი ვერჰოფსტადტი, პორტუგალიის ყოფილი პრემიერ–მინისტრი და ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ.