IREX–ის ცნობით, პროგრამას “მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის” (M-TAG) 2 ძირითადი მიზანი აქვს: 1) ჟურნალისტების მიერ სიზუსტისა და ეთიკური სტანდარტების დაცვა იმ საკითხების გაშუქებისას, რომელთა მიმართაც საზოგადოების ინტერესი მაღალია. 2) რეგიონულ მედიასაშუალებებში ფინანსური სიცოცხლისუნარიანობისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესება.
პროგრამა M-TAG-ის პრეზენტაციას 17 ნოემბერს “განათლების მულტიმედია ცენტრში” G-MEDIA პროგრამის ბენეფიციარი რეგიონული მედიასაშუალებების წარმოამადგენლებიც დაესწრნენ.
ბორჯომის ტელევიზიის წარმომადგენელი მარინა კუპატაძე ამბობს, რომ G-MEDIA პროექტის დახმარებით საინფორმაციო პროგრამა ყოველდღე, დღეში 3–ჯერ გადის:
“მრავალფეროვანი გახდა უფრო ჩვენი კონტენტი, დავიწყეთ პირველი ტელეხიდების გაკეთება G-MEDIA პროგრამის მხარდაჭერით და ეს პროგრამა დღესაც გრძელდება. გაიზარდა ვებ–გვერდზე ჩვენი უნიკალური მომხმარებლების რიცხვი თითქმის 10–ჯერ,“ – თქვა მარინა კუპატაძემ, ბორჯომის ტელევიზიის წარმომადგენელმა.
როგორც IREX–ის დემოკრატიის მმართველობისა და მედიაგანყოფილების ხელმძღანელის მოადგილემ, ლეონ მორზემ განაცხადა, საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მედიის განვითარების თვალსაზრისით ლიდერია, თუმცა ჭირდება დახმარება დამოუკიდებლობის შენარჩუნების კუთხით:
“საქართველო არის ლიდერი ყოფილ საბჭოთა კავშირის მასშტაბით მასმედიის განვითარების თვალსაზრისით. თუმცაღა, საქართველოს მასმედია გამოირჩება ისევ და ისევ სტანდარტული პრობლემებით, როგორიც არის პარტიული მიკერძოებულობა, თანხების სხვადასხვა წყაროები, რომლებიც მიკერძოებულობას უზრუნველყოფს და ა.შ. ჩვენი ამოცანა გახლავთ მაქსიმალურად დავეხმაროთ საქართველოს მასმედიას მოიპოვოს დაფინანსების ისეთი წყაროები, რომლებიც მის დამოუკიდებლობას ხელს არ შეუშლის,“– განაცხადა ლეონ მორზემ.
პროგრამის ბიუჯეტი 5.1 მილიონ ლარს შეადგენს. IREX მას პარტნიორებთან – “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან”, “ეთიკის ქარტიასა” და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფ Innova–სთან თანამშრომლობით განახორციელებს.

