ახალი ამბები

მორმონთა ფონდი თეთრიწყაროს წყალგაყვანილობისთვის 218 705 ლარს ჩუქნის

28 მაისი, 2019 • 1827
მორმონთა ფონდი თეთრიწყაროს წყალგაყვანილობისთვის 218 705 ლარს ჩუქნის

“უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის ფონდი” თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს გრანტის სახით 218 705 ლარს ჩუქნის. გრანტის მიღების შესახებ განკარგულებას პრემიერმა ხელი 22 მაისს მოაწერა.

მთავრობის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, გამოყოფილი თანხით წყალგაყვანილობა მოწესრიგდება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში, კერძოდ, დიდი ირაგში, ალექსეევკში, ორბეთსა და ასურეთში.

ნეტგაზეთი ასევე დაუკავშირდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს, სადაც გვითხრეს, რომ ფონდთან ურთიერთობა ადრეც ჰქონდათ და მათი გრანტებით ადრეც მოუწესრიგებიათ წყალგაყვანილობა.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ ფონდს პროექტით მიმართეს, რომლის მიხედვითაც, წყალგაყვანილობა რამდენიმე სოფელში მუნიციპალიტეტის 15%-იანი თანადაფინანსებით მოწესრიგდება, დანარჩენ 85%-ს კი, (218 705 ლარს) “უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია” აანაზღაურებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი