ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა ცენტრი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ანალიზს აქვეყნებს

27 მაისი, 2019 •
ადამიანის უფლებათა ცენტრი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ანალიზს აქვეყნებს

ადამიანის უფლებათა ცენტრი ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმის თბილისის სააპელაციო სასამართლოში განხილვას აფასებს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში დასასრულს უახლოვდება. დღეს, 27 მაისს, სასამართლომ გადამწყვეტი სიტყვა უნდა მოისმინოს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენების შემდეგ გადადგა ქვეყნის მთავარი პროკურორი, შეიქმნა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, საქართველს სახალხო დამცველმა მიიღო რეკომენდაციები და არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოეხმაურა მოვლენებს, დღეს კიდევ უფრო მეტი კითხვა და ბუნდოვანებაა საქმის ირგვლივ, რაც, შესაბამისად, ასახვას პოულობს საზოგადოების დამოკიდებულებაში ხელისუფლების ორგანოების მიმართ:

“სამწუხაროა, მაგრამ დღესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა არ არიან ადეკვატურები 2017 წლის პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, რაზეც ნათლად მეტყველებს ის ფაქტი, რომ, ერთი მხრივ, პროკურატურა მთელი ძალით ცდილობს, გაიტანოს პირვანდელი ბრალდება სააპელაციო სასამართლოში, ხოლო, მეორე მხრივ, ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა ძირითადი საქმიდან გამოყოფილ საქმეზე (გამოყოფილი საქმე ეხება შეუტყობინებლობისა და მოწმეთა მიმართ განხორციელებული ზემოქმედების ფაქტს)”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა ნესტან ლონდარიძემ, რომელიც გამოძიების დაწყებიდან იცავს დაზარალებულ ზაზა სარალიძის ინტერესებს, მოამზადა დოკუმენტი, სადაც წარმოდგენილია მოწმეთა ჩვენებების ანალიზი.

აღნიშნული დოკუმენტი საზოგადოებას საქმეზე აწვდის ინფორმაციას, რათა ყველასთვის ნათელი იყოს შსს-სა და პროკურატურის დამოკიდებულება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მიმართ.

გაეცანით ნესტან ლონდარიძის მიერ მომზადებულ ანალიზს, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეს ეხება:

მასალების გადაბეჭდვის წესი