ახალი ამბები

ირანში იოგას ვარჯიშის დროს 30 ადამიანი დააკავეს

25 მაისი, 2019 •
ირანში იოგას ვარჯიშის დროს 30 ადამიანი დააკავეს

ჩრდილოეთ ირანის ქალაქ გორგანში, იოგას კერძო გაკვეთილზე, პოლიციამ 30 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცემები წერენ.

BBC-ის თანახმად, ვარჯიში საცხოვრებელ ბინაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობდნენ როგორც ქალები, ისე კაცები.

ადგილობრივი სამართლის დეპარტამენტის წარმომადგენლის, მადუს სოლეიმანის განცხადებით, ინსტრუქტორს ვარჯიშის ჩასატარებლად ლიცენზია არ ჰქონდა. მისივე თქმით, პროცესის მონაწილეებს “შეუფერებლად” ეცვათ და ასევე “შეუფერებლად” იქცეოდნენ. მისი თქმით, უსაფრთხოების ძალები ბინას გარკვეული ხნის მანძილზე აკვირდებოდნენ.

ირანში იკრძალება სპორტული აქტივობები, რომლებშიც ქალები და კაცები ერთად იღებენ მონაწილეობას.

BBC-ის ინფორმაციით, ეს ფაქტი ირანის სოციალურ ქსელებში ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაა. არაერთმა მომხმარებელმა ისლამური რესპუბლიკის პოლიციის ქმედებები გააკრიტიკა.

“ხელისუფლებას, რომელიც იოგას დამაზიანებლად მიიჩნევს, არსებობის დასასრულებლად აშშ-ის საბრძოლო ხომალდი “აბრაამ ლინკოლნი” არ სჭირდება”, – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.

“როგორც ვხვდები, მაღალჩინოსნებმა უნდა გვიკარნახონ ამ ქვეყანაში, რისი უფლება გვაქვს”,  -წერს მეორე.

როდესაც დაკავებების შესახებ საუბრობდა, მასუდ სოლეიმანიმ სოციალური მედიის “არასაკმარისი დაკვირვების” გამო შესაბამისი უწყებები გააკრიტიკა.

მასალების გადაბეჭდვის წესი