საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ცნობით, აზერბაიჯანულმა მხარემ ჩიჩხიტურის მიმართულებით გზის გაყვანის სამუშაოები შეწყვიტა.
“ამ წუთას შემატყობინეს, რომ აზერბაიჯანის მხარესთან გამართული დიალოგის შედეგად შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ჩიჩხიტურის მიმართულებით გზის გაყვანის სამუშაოები შეწყვეტილია. ამგვარად, უნდა ველოდოთ, რომ დილიდან აზერბაიჯანის მხარე გზის სამშენებლო ტექნიკას სრულად გაიყვანს ტერიტორიიდან”, – წერს ფეისბუკზე დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაქოში გამართულ შეხვედრაზე აზერბაიჯანული და ქართული მხარეები შეთანხმდნენ, რომ სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთები ადგილზე ერთობლივად დაათვალიერონ ექსპერტების დონეზე.
დღეს ბაქოში გაიმართა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მე-12 სხდომა.
ქართული მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში საქართველოს სპეციალური წარმომადგენელი ლაშა დარსალია, ხოლო აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან – აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საზღვრისა და კასპიის ზღვის საკითხებში ხალაფ ხალაფოვი.
შეხვედრაზე ასევე მონაწილეობდნენ ორივე ქვეყნის ექსპერტები და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.
“განხილულ იქნა სახელმწიფო საზღვრის გავლების საკითხები და ასევე მოხდა ყველა შეუთანხმებელი მონაკვეთის დეტალური განხილვა.
სხდომის შედეგების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთების ადგილზე ერთობლივი დათვალიერების ჩატარებაზე, ექსპერტების დონეზე.
ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ მოახდინონ შესაბამისი ნორმატიულ-სამართლებრივი დოკუმენტების და კარტოგრაფიული მასალების შესწავლა და შეფასება, რაც დაკავშირებულია სახელმწიფო საზღვრის ხაზის გავლების განსაზღვრასთან.
მხარეები შეთანხმდნენ კომისიის მორიგი სხდომის ქ. თბილისში გამართვის თაობაზე. თარიღი შეთანხმებული იქნება დიპლომატიური არხებით”, – ვკითხულობთ საგარეო უწყების განცხადებაში.