შეხვედრის დასრულების შემდეგ ალასანიამ განაცხადა, რომ პრეზიდენტთან შეხვედრა დაგეგმილი ჰქონდა, რათა მასთან გაეცვალა მოსაზრებები და შეფასებები ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით.
“მე, ბუნებრივია, მქონდა მოსახსენებელი ის თემები, რომელიც დაწყებული იყო თავდაცვის სამინისტროში, რომლის საქმის კურსში იყო პრეზიდენტი და იმედი გამოვთქვით, რომ [შეხვედრები] გაგრძელდება, იმიტომ, რომ ეს უკავშირდება სწორედ იმ მთავარ ამოცანას, ეროვნულ ამოცანას ჩვენსას, რომ ევროპის ნაწილი და ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი გავხდეთ; სამხედრო ძლიერებას, ჩვენს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას – ამაზე გვქონდა საუბარი”, – განაცხადა ალასანიამ.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სასამართლო და გამოძიება წარიმართება ღიად და გამჭვირვალედ, რათა ობიექტური ჭეშმარიტება დადგინდეს:
“ბუნებრივია, იმედი გამოვთქვით, რომ სასამართლო და გამოძიება წარიმართება ახლა უკვე საზოგადოებისთვის ცნობილ საქმეზე ღიად, ტრანსპარანტულად და ობიექტური ჭეშმარიტება დადგინდება და საზოგადოება დაინახავს, თუ რა მიღწევები ჰქონდა არმიას და თავდაცვის სამინისტროს ბოლო წლების განმავლობაში. ვისაუბრეთ ასევე იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში აუცილებელია პოლიტიკური ძალები, განსაკუთრებით პროდასავლური პოლიტიკური ძალები, გაძლიერდეს და ქვეყანამ გააძლიეროს ინსტიტუტები და ინსტიტუტები იღებდნენ მონაწილეობას ქვეყნის მართვაში.”
ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 4 ნოემბერს, მას შემდეგ დაითხოვა, რაც ალასანიამ თავდაცვის სამინისტროში პროკურატურის საგამოძიებო მოქმედებები შეაფასა, როგორც შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე. ამის შემდეგ საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრების პოსტები დატოვეს მაია ფანჯიკიძემ და ალექსი პეტრიაშვილმა, ხოლო “თავისუფალმა დემოკრატებმა” კოალიცია “ქართული ოცნება” დატოვეს და ოპოზიციაში გადავიდნენ.
ამ მოვლენების საპასუხოდ საქართველოს პრეზიდენტმა მოითხოვა პარლამენტის და მთავრობის სხდომაში მონაწილეობის მიღება, სადაც საუბარი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური კურსის ურყეობაზე. გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში სიტყვით ხვალ, 14 ნოემბერს გამოვა.
