ახალი ამბები

სააკაშვილმა ზელენსკის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნების თხოვნით მიმართა

23 მაისი, 2019 •
სააკაშვილმა ზელენსკის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნების თხოვნით მიმართა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ადვოკატმა, რუსლან ჩერნოლუცკიმ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციას სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნების თხოვნით მიმართეს.

“ყველა იურისტი ამტკიცებს, რომ ჩემთვის მოქალაქეობის ჩამომრთმევა არაკანონიერი იყო, ვინაიდან, უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით, უკრაინის მოქალაქისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა არ შეიძლება, ხოლო საერთაშორისო სამართლის მიხედვით, არ შეიძლება ადამიანი საერთოდ მოქალაქეობის გარეშე დატოვო,” – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც 22 მაისით თარიღდება. წერილის ამ ამონარიდს interfax ავრცელებს. 

ამასთნავე, სააკაშვილი წერილში ამბობს, რომ მზადაა თავისი პოზიცია სასამართლოში დაიცვას.

მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნებაზე ზელენსკი ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში საუბრობდა. 31 მარტს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის კითხვას სააკაშვილთან დაკავშირებით ზელენსკიმ ასე უპასუხა: “ჩამოვიდეს. მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილი ყველაზე დიდ როლს ახლა თამაშობს, როდესაც იცავს უკრაინის დემოკრატიას ევროპაში და აჩვენებს ამას თავისი ქმედებებით. მგონია, რომ ის სერიოზული დიპლომატია და სერიოზული კონსულტანტია ყველა ადამიანისთვის, ყველა კანდიდატისთვის, რომელიც დღეს პოლიტიკაში მიდის და გახდება პრეზიდენტი. ვფიქრობ, სააკაშვილისნაირი ადამიანის დახმარება ყველას დასჭირდება” (თარგმანი — საზოგადოებრივი მაუწყებელი).


სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობაზე მაშინ თქვა უარი, როდესაც ოდესის გუბერნატორის თანამდებობას დათანხმდა, ხოლო უკრაინის პრეზიდენტთან პეტრო პოროშენკოსთან დაწყებული უთანხმოების შემდეგ, მას უკრაინის მოქალაქეობაც ჩამოართვეს, როცა ქვეყანაში არ იმყოფებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი