რუსთაველის თეატრის დასი, რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით, მოსკოვში მიემგზავრება.
როგორც “ნეტგაზეთს” რუსთაველის თეატრიდან აცნობეს, თეატრი ჩეხოვის სახელობის მე-14 საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე არის მიწვეული. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ თეატრალური დასები 15 ქვეყნიდან, მათ შორის, საქართველო, ინგლისი, საფრანგეთი, დანია, გერმანია, ავსტრია, ტაივანი, ჩინეთი.
რუსთაველის თეატრი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე 8-9 ივნისს წარადგენს სპექტაკლს “ვანო და ნიკო”, რომელიც დადგმულია ერლომ ახვლედიანის ნაწარმოების მიხედვით. პიესის ავტორი და რეჟისორია რობერტ სტურუა.
“სპუტნიკის” ინფორმაციით, დადგმა ასაკობრივი შეზღუდვით 16+ ქართულ ენაზე გავა, რუსული სუბტიტრებით.
ჩეხოვის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი პირველად მოსკოვში 1992 წლის შემოდგომაზე გაიმართა. ფორუმი თეატრალური კავშირების საერთაშორისო კონფედერაციამ დააარსა.