ახალი ამბები

ვისურვებდი, ყველა მინისტრი ჩემზე მაღლა იყოს რეიტინგებში – კახა კალაძე

21 მაისი, 2019 •
ვისურვებდი, ყველა მინისტრი ჩემზე მაღლა იყოს რეიტინგებში – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ფიქრობს, რომ მისი თანაგუნდელები მერის მაღალი რეიტინგით იამაყებენ, ამავდროულად, აცხადებს, რომ NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს არ ენდობა.

“ჩემთვის ყველაზე მარტივი საზომი არის მოსახლეობასთან კომუნიკაცია, რასაც, ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში ვაკეთებ. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ყოველდღიურ რეჟიმში მაქვს შეხვედრა მოსახლეობასთან და ზუსტად ის განწყობა, დამოკიდებულება, რასაც მე ვგრძნობ ყოველდღიურ რეჟიმში დედაქალაქის მოსახლეობისგან, ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, დასაფასებელი და ძალიან ვუფრთხილდები. ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ურთიერთობა არ შენელდეს”, – განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს NDI-ის კვლევის შესახებ დასმული კითხვების საპასუხოდ.

კალაძის თქმით, 2012 წლიდან მოყოლებული, NDI-ის კვლევებში პოლიტიკურ ნაწილში მუდამ ხდებოდა მანიპულირება.

“ფაქტობრივად, ყოველთვის აცდენილი იყო რეალურ შედეგებს, ამიტომ მაქვს საფუძველი, რომ გარკვეულ პოლიტიკურ ნაწილში არ ვენდო. რაც შეეხება სოციალური მიმართულებით მოცემულ შედეგებს, აქ ბევრი რამე არის გასათვალისწინებელი. ყველაზე მთავარი გამოწვევა, რაც დღეს ჩვენ გვაქვს, არის არსებული ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობის და იმ ყოფის გაუმჯობესება, რაც დღეს არსებობს; ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, სამუშაო ადგილების შექმნა – ეს არის ის მთავარი მიმართულებები და გამოწვევები, რომელსაც ჩვენ ყველამ ერთად ღირსეულად უნდა ვუპასუხოთ”, – აღნიშნა კალაძემ და განმარტა, რომ მანიპულაციებს სწორედ პოლიტიკოსების რეიტინგებში აქვს ადგილი.

კითხვაზე, პირადად მისი მაღალი რეიტინგი შეუქმნის თუ არა პრობლემას თანაგუნდელებთან ურთიერთობაში, კახა კალაძე პასუხობს, რომ პირიქით, იამაყებენ.

“პრობლემას რატომ? მე სპორტიდან მოვდივარ. ერთი რამ ვიცი და მჯერა, როგორც სპორტში, იგივეა პოლიტიკაშიც – თუ არ არსებობს გუნდი, რომელიც ძლიერი ადამიანებისგან, პროფესიონალებისგან არის დაკომპლექტებული, ერთმა ადამიანმა, ორმა ადამიანმა, სამმა ადამიანმა შეუძლებელია უპასუხოს გამოწვევებს ან მოიგოს თამაშები, როგორც სპორტშია. ამიტომ, რაც უფრო მეტი წარმატებული ადამიანი იქნება, მით უკეთესია პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“, ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის. მე ვისურვებდი, რომ ყველა მინისტრი იყოს ჩემზე მაღლა რეიტინგის თვალსაზრისით, გაკეთებული საქმეებით. ეს ჩემთვის, ჩემი გუნდისთვის იქნება პლუსი და დადებითი და პირველ რიგში, ეს იქნება ქვეყნისთვის”, – განაცხადა კალაძემ.

NDI-ის კვლევის მიხედვით, თბილისის მერ კახა კალაძის საქმიანობას მოსახლეობის 43% კარგად აფასებს. გამოკითხულთა 40%-ს კი მისდამი დადებითი დამოკიდებულება აქვს.

ამავე თემაზე:

ყველაზე დადებითი დამოკიდებულება სერგეენკოს და კალაძის მიმართაა, უარყოფითი – ივანიშვილის – NDI

მასალების გადაბეჭდვის წესი