ახალი ამბები

‘უნივერსიტეტს ბიუროკრატები მართავენ’ – სტუდენტების საპროტესტო აქცია [ვიდეო]

10 ნოემბერი, 2014 •
‘უნივერსიტეტს ბიუროკრატები მართავენ’ – სტუდენტების საპროტესტო აქცია [ვიდეო]

 

“უნივერსიტეტს ბიუროკრატები მართავენ!”,”პაპავა რეტროგრადია”, უნივერსიტეტში აკადემიური პროცესი გაყინულია”, “ვითხოვთ ცვლილებებს განათლების პოლიტიკაში”– ეწერა სტუდენტების საპროტესტო პლაკატებზე.

 

“2010 წელს ზუსტად ამ კიბეებზე ვიდექით და ვითხოვდით უმაღლეს განათლებაში ცვლილებებს. ვითხოვდით რეფორმებს და ეს მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ მიერ გაჟღერდა 2010 წელს, აქტუალურია, სამწუხაროდ, დღესაც. ადამიანები, რომლებიც ამ უნივეტრსიტეტში აფერხებდნენ პროგრესს, დღეს ინარჩუნებენ თავიანთ თანამდებობებს. ისინი მართავენ უნივერსიტეტს და პროფესორები, რომლებმაც უნდა შექმნან ცოდნა უნივერსიტეტში, ჩამოშორებულები არიან უნივერსიტეტის მართვის პროცესს,”– თქვა აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა, ბათუ კოპალიანმა.

 

სტუდენტი ლევან ლორთქიფანიძე კი ამბობს, რომ არ შეიძლება, უნივერსიტეტში გადაწყვეტილებებს მცირერიცხოვანი ელიტა იღებდეს:

 

“არ შეძლება, რომ უნივერსიტეტში გადაწყვეტილებებს იღებდეს მცირერიცხოვანი ელიტა. არ შეიძლება, რომ სახელმწიფო უარს ამბობდეს კვლევითი სისტემების დაფინანსებაზე,”– თქვა ლევან ლორთქიფანიძემ.

 

სტუდენტების თქმით, მათ უნივერსიტეტიდან რამდენიმე დღის წინ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის 2013–2014 წლების ხარჯები გამოითხოვეს. მათ აქვთ ეჭვი, რომ შესაძლოა, უნივერსიტეტის თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდეს. სწორედ ამ წერილზე პასუხის მისაღებად დღეს აქციის მონაწილეები განათლების სამინისტროსკენ მსვლელობის დაწყებამდე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, დავით ჩომახიძესთან შევიდნენ, რომელიც მათ ამ ინფორმაციის მიწოდებას დაპირდა. 

 

უნივერსიტეტის პირველ კორპუსიდან აქციამ 15:00 საათზე განათლების სამინისტროსთან გადაინაცვლა. 

 

“ველოდებით იმას, რომ განათლების მინისტრმა დაიწყოს განათლების თემებზე ფიქრი, განათლების თემებზე მუშაობა და არ დაუტოვოს უნივერსიტეტები 1000 წლის წინანდელ კლანებს, ჯგუფებს, როინ მეტრეველებს და მარიკა გერსამიებს და სხვებს,”– თქვა ლევან ლორთქიფანიძემ განათლების სამინისტროს წინ გამართულ აქციაზე. 

 

აქციის დასასრულს მონაწილეებმა თავიანთი საპროტესტო პლაკატები სამინისტროს შესასვლელთან დააწყვეს.

 

სტუდენტების აქცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან 10.11.2014
სტუდენტების აქცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან 10.11.2014

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი