ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანელი ბლოგერი ბაქოს აეროპორტში თბილისში გამგზავრების წინ დააკავეს

10 ნოემბერი, 2014 • • 1222
აზერბაიჯანელი ბლოგერი ბაქოს აეროპორტში თბილისში გამგზავრების წინ დააკავეს

გამოცემა კავკაზსკი უზელის ინფორმაციით, აზერბაიჯანის რეპორტიორების თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის თანამშრომელი ქვეყნის საზღვრის გადაკვეთის დროს ყალბი პასპორტის გამოყენების ბრალდებით დააკავეს და ბაქოს ერთ-ერთი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მასთან სატელეფონით დაკავშირება, ადგილობრივი გამოცემების ინფორმაციით, ვეღარ ხერხდება. 

 

2012 წელს გუსეინოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული და მას ქვეყნის საზღვრების დატოვება აეკრძალა. მაშინ მას სამართალდამცავების შეურაცხყოფისა და მათ მიმართ ძალის გამოყენებაში დასდეს ბრალი.

 

გუსეინოვმა მას შემდეგ სამართალდამცავებს არაერთხელ მიმართა, რომ მოეხსნათ მისთვის ქვეყნის დატოვების შეზღუდვა. მას პროკურატურისთვის მიმართვა ურჩიეს, თუმცა აღნიშნული უწყებიდან ისევ პოლიციაში გადაამისამართეს. როგორც გამოცემა წერს, გადამოწმების მიზნით, მოეხსნა თუ არა ქვეყნის დატოვებაზე შეზღუდვა, მეხმან გუსეინოვი დღეს დილით თბილისში ეუთოს [OSCE] კონფერენციაზე გეგმავდა დასწრებას. 

 

ბაქოს აეროპორტის სასაზღვრო კონტროლის დროს გუსეინოვს განუცხადეს, რომ მისი პასპორტი “სისტემაში არ არის” და ის სამართალდამცავებს გადასცეს. 

 

აზერბაიჯანის შს უწყებას ბლოგერის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება ან კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი