ახალი ამბები

EU-ში გაწევრების მომხრეთა 66% ფიქრობს, რომ ამით საქართველოს ეკონომიკა გაუმჯობესდება

20 მაისი, 2019 •
EU-ში გაწევრების მომხრეთა 66% ფიქრობს, რომ ამით საქართველოს ეკონომიკა გაუმჯობესდება

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვილევის მიხედვით, იმ ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას უჭერენ მხარს, ამბობს, რომ გაერთიანებაში შესვლით საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობა გაუმჯობესდება. 46%-ის აზრით კი, ევროკავშირი საქართველოს მეტ უსაფრთხოებას მოუტანს.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს, 20 მაისს გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, რომ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერა მყარია. მოსახლეობის 77%-თვის მისაღებია ევროკავშირში გაწევრება.

იმ ადამიანების 39%, რომელიც ევროკავშირში გაწევრებას მხარს არ უჭერს, ამბობს, რომ საქართველოს ევროგაერთიანებაში შესვლა რუსეთთან კონფლიქტს გამოიწვევს. NDI-ის კვლევის მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებას 13% ეწინააღმდეგება.

კითხვაზე, რა უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას ხელს, გამოკითხულთა 36% საქართველოს ტერიტორიულ კონფლიქტებს ასახელებს. ევროკავშირში გაწევრების ხელშემშლელ ფაქტორად 20%-მა რუსეთი დაასახელა.

აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2 927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა(ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი