19 მაისს მოსწავლეთა და მასწავლებელთა ყოველწლიური კონფერენცია ქიმიაში „ოქროს რიცხვი“ ჩატარდა, რომლის მიზანიც ამ საბუნებისმეტყველო დისციპლინის პოპულარიზაცია გახლდათ.
მასწავლებლებსა და მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ საზოგადოებისათვის თავიანთი პროექტები წარედგინათ. კონფერენციის ორგანიზატორი საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციაა და მას მხარს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უჭერს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ პროექტის ფარგლებში მათემატიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებელთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით საგრანტო ხელშეკრულებები დადო სამ საგნობივ ასოციაციასთან.
ხელშეკრულების თანახმად, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრი -“საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის“, „საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის“ და „ასოციაცია ბიოსთვის“, თითოეულისთვის 65 000 ლარის ოდენობის გრანტს გამოყოფს. გრანტები მოხმარდება საჯარო სკოლების შესაბამისი საგნების მასწავლებელთა შორის თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერებას.
ყოველივე ეს, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს საჯარო სკოლებში მათემატიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის პოპულარიზაციას, ხოლო, მეორე მხრივ, გააუმჯობესებს ამ საგნების სწავლების ხარისხს.
გრანტის მიმღები ორგანიზაციების შესარჩევად ჩატარდა კონკურსი. მასში მონაწილეობის მიღება შეეძლო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს ან/და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებიც განათლების სფეროში საქმიანობენ.
საგრანტო კონკურსის მოთხოვნები ეფუძნებოდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებს და მიზნად ისახავდა პროექტის შედეგების მდგრადობის უზრუნველყოფას.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სერვისების დეცენტრალიზაციის მიზანია სწავლა-სწავლების ეფექტიანობის გაზრდა საჭიროებებზე მორგებული პროფესიული განვითარების გზით. ეს გულისხმობს საჭიროებებზე და შედეგზე მაქსიმალურად ორიენტირებული სერვისების მეტ მრავალფეროვნებას, სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების სისტემის დახვეწასა და სერვისის მიწოდების გზებისა და მიმწოდებლების დივერსიფიცირებას.