ახალი ამბები

ილია II: ოჯახი მხოლოდ მაშინაა ბედნიერი, თუ ის კანონიერია და მამაკაცის და დედაკაცისგან შედგება

17 მაისი, 2019 •
ილია II: ოჯახი მხოლოდ მაშინაა ბედნიერი, თუ ის კანონიერია და მამაკაცის და დედაკაცისგან შედგება

“ოჯახის სიწმინდის დღეს” საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა სამების ტაძარში პარაკლისი გადაიხადა და მრევლს მიმართა:

“გახსოვდეთ, რომ ოჯახი ბედნიერია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის კანონიერი ოჯახია. კანონიერი ოჯახი შედგება მამაკაცისაგან და დედაკაცისაგან”, – თქვა ილია მეორემ.

წინა წლების მსგავსად, წელსაც 17 მაისს საპატრიარქოს ორგანიზებით მსვლელობა მოეწყო. მსვლელობის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და სამების ტაძარში მივიდნენ, სადაც ილია მეორემ პარაკლისი გადაიხადა, რის შემდეგაც სამების ეზოში კონცერტი გაიმართა.

ოჯახის სიწმინდის დღედ 17 მაისი საპატრიარქომ 2014 წელს გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც მრევლის ნაწილმა 2013 წლის 17 მაისს რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის გამართვის უფლება არ მისცა ლგბტ ადამიანების უფლებების დამცველებს.

მრევლის ნაწილმა პოლიციის ბარიერები გადალახა და დაედევნა ლგბტ აქტივისტებს. კონტრაქციის მონაწილეებმა ვაჩნაძის ქუჩაზე მოიმწყვდიეს მიკროავტობუსში მყოფი აქტივისტების ნაწილი და ცდილობდნენ ამ მიკროავტობუსში შეღწევას. მიკროავტობუსმა დიდი წინააღმდეგობის გადალახვის შემდეგ მოახერა  გაღწევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი