მედიის განვითარების ფონდი აცხადებს, რომ მის მიერ მომზადებული წინასწარი ანგარიში ეფუძნება იმ საჯარო დოკუმენტაციის შესწავლას, რომლებიც სამინისტროებს და მთავრობის კანცელარიას ცალკეულ მედიასაშუალებებთან აქვთ გაფორმებული და რომელთა საფუძველზეც მათთვის დაფინანსების გამოყოფა ხდება.
მედიის განვითარების ფონდის ცნობით, მთავრობასა და სააგენტოებს შორის დადებული კონტრაქტების შინაარსი დაფინანსების არსებობას ადასტურებს, ხოლო ანგარიშში მითითებულ სააგენტოებს დაფინანსებული სტატიები მკაფიოდ არ აქვთ გამიჯნული სარედაქციო მასალებისგან, შესაბამისად, ისინი იზიარებენ პასუხისმგებლობას მის შინაარსზე და ამაში იღებენ საბიუჯეტო დაფინანსებას, რაც მათ ხელთ არსებული მიღება-ჩაბარების აქტებითაც დასტურდება.
დაფინანსებული სტატიების დამოუკიდებელი სარედაქციო მასალებისგან გამიჯვნა არა მხოლოდ სარედაქციო პასუხისმგებლობის საკითხია, არამედ მკითხველის წინაშე ანგარიშვალდებულების, რადგან საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს რა ტიპის შინაარსს ეცნობა- წერია განცხადებაში, რომელიც ფონდმა დღეს გაავრცელა:
“ჩვენს მიერ შემოთვაზებული დასკვნის გაბათილება იმ ფორმულით, რომ ეს არის არა დაფინანსება, არამედ “შეთავაზებული სერვისი”, არარელევანტურია”.
მედიის განვითარების ფონდმა 6 ნოემბერს გამოაქვეყნა კვლევის წინასწარი შედეგები, რომლის მიხედვითაც, რამდენიმე საინფორმაციო სააგენტო, მათ შორის “ინტერპრესნიუსი”, მთავრობის დაფინანსებას იღებენ იმისთვის, რომ მათი საქმიანობა გააშუქონ, თუმცა ისინი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ სტატიებს სარედაქციო სტატიებისგან არ მიჯნავდნენ.
“ინტერპრესნიუსი” გამოეხმაურა კვლევის შედეგს და განაცხადა, რომ კვლევაში მოყვანილი ფორმულირება “საინფორმაციო სააგენტოების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება”, მცდარია და ეს მასალები მის მიერ შეთავაზებული სერვისის ფარგლებსი მომზადდა.

