ახალი ამბები

ჰომოფობიის საწინააღმდეგო დღეს 2019 წელსაც “ოჯახის სიწმინდის” დასაცავი მსვლელობა მოეწყობა

15 მაისი, 2019 •
ჰომოფობიის საწინააღმდეგო დღეს 2019 წელსაც “ოჯახის სიწმინდის” დასაცავი მსვლელობა მოეწყობა

17 მაისს, რომელიც ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, საპატრიარქო წელსაც გეგმავს “ოჯახის სიწმინდის დღე” აღნიშნოს.

საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ამ დღეს კვლავ შედგება სახალხო მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან სამების ტაძრის მიმართულებით, სადაც ილია მეორე პარაკლისს გადაიხდის, რის შემდეგაც სამების ეზოში კონცერტი გაიმართება:

“მსვლელობა დაიწყება 17:00 საათზე და დასრულდება კონცერტით, რომელიც პარაკლისის შემდეგ გაიმართება.
აღვნიშნავთ, რომ ეს ღონისძიება არის მშვიდობიანი და მას რაიმე სახის აგრესიასთან კავშირი არა აქვს, ის არის ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერის გამოხატულება ტრადიციული ღირებულებებისადმი. კიდევ ერთსაც შევნიშნავთ, რომ ეკლესია ემიჯნება ნებისმიერ ძალადობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის” – წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე მსოფლიოში 2004 წლიდან აღინიშნება. ეს დღე 2014 წელს პატრიარქმა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა მას შემდეგ, რაც მრევლის ნაწილმა 2013 წლის 17 მაისს რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის გამართვის უფლება არ მისცა ლგბტ ადამიანების უფლებების დამცველებს და ისინი ძალადობრივად დაარბია.

მრევლის ნაწილმა, სასულიერო პირების მეთაურობით, გაარღვია პოლიციის კორდონი და აქტივისტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება სცადა. მათ ქვები და სხვა საგნები დაუშინეს იმ ავტობუსებს, სადაც ლგბტ აქტივისტები ისხდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი