ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, მისი თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში საერთოდ არ ყოფილა ლაპარაკი პანკისის ხეობაში ჰესის აშენების გამო პოლიციის შეყვანაზე. ამის შესახებ მან პარლამენტში რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.
მიმაჩნია და პრეზენტაციაშიც ჩავწერე, რომ ერთ-ერთი ძირითადი ინიციატივა ჩვენი მთავრობის მხრიდან, სადაც არ ვთვლი, რომ დამაკმაყოფილებლად ვმუშაობთ, ეს არის ხალხთან კომუნიკაცია. ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა. რომ არ ვიყოთ დემოკრატიული ქვეყანა, სხვაგვარად მოვიქცეოდით. თუ დემოკრატიული ქვეყანა ვართ, გვჭირდება ხალხთან კომუნიკაციის ძლიერი მექანიზმი, სადაც მათ ავუხსნით და გავაგებინებთ, რა არის ამა თუ იმ პროექტის სიკეთე, გავივლით მათთან კონსულტაციებს და ა.შ.”, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.
როგორც ეკონომიკის ყოფილი მინისტრი აცხადებს, ისეთ პატარა ზომის ჰესზე, როგორიც პანკისში შენდება, მოსახლეობასთან უსიამოვნო დამოკიდებულების ჩამოყალიბება პრობლემის გადაჭრის არაოპტიმალური გამოსავალია.
ჩვენ გვაქვს ასაშენებელი უზარმაზარი ჰიდროელექტროსადგურები, რასაც ვთვლი და ვაცხადებ პირდაპირ, რომ აუცილებლად არის ასაშენებელი, რა თქმა უნდა, გარემოს დაცვისა პირობების უმაღლესი ევროსტანდარტების გათვალისწინებით. მეტსაც გეტყვით – ის პროექტები, რომლებიც უკვე დაპროექტებულია, ის დაპროექტებულია ევროსტანდარტების უმაღლეს დონეზე და გაკეთებულია მთელი რიგი საჭირო კვლევები. აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ რომელიმე შემთხვევაში უგულებელყოფილიყო გარემოს დაცვის ან მოსახლეობის უფლებების დაცვის რომელიმე ასპექტი. ეს არ არის ასე და, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება მეტი კომუნიკაცია ხალხთან იმისთვის, რომ ეს პროექტები შევასრულოთ. მარტო ამ პროექტების შესრულება, ამხელა ჰესებს რომ ავაშენებთ, იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა შემდეგი 5-6 წელიწადი. ეს იქნება შემდგომში ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის მუდმივი განვითარებისთვის”,- განაცხადა ქობულიამ.
ეკონომიკის ყოფილი მინისტრის თქმით, პანკისის და იქ პოლიციის შეყვანის საკითხი საერთოდ არ მდგარა იმ ბოლო მომენტამდე, სანამ ეკონომიკის მინისტრი იქნებოდა:
5 მეგავატის ჰესი ძალიან მცირე ზომის ობიექტია, მაშინ როდესაც ჩვენ გვაქვს 200, 400, 500, 600, 700 და 800-მეგავატიანი ჰესები ასაშენებელი. თანაც, ზოგიერთი ჰესი გვაქვს ასაშანებელი, რომელიც არის რეზერვუარული ჰესი. ეს 5 მეგავატი არის უბრალოდ ის, რომ მდინარეზე დგება დანადგარი და არასერიოზულია”.
პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ბრძანებულებით, 18 აპრილს გიორგი ქობულია თანამდებობიდან გათავისუფლდა, ხოლო ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ახალ მინისტრად ნათია თურნავა დაინიშნა. მინისტრობამდე თურნავა ქობულიას მოადგილე იყო.
- ყველა სიახლე ნათია თურნავას შესახებ – დააკლიკეთ.
ქავერის ფოტოზე: გიორგი ქობალია და ნათია თურნავა