ახალი ამბები

ხულოელებისთვის ბოდიში ივანიშვილს და მის ბანდას აქვთ მოსახდელი – სააკაშვილი

15 მაისი, 2019 •
ხულოელებისთვის ბოდიში ივანიშვილს და მის ბანდას აქვთ მოსახდელი – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი დეპუტატ ანზორ ბოლქვაძესა და ხულოსთან დაკავშირებით მის მიერ გახმიანებული განცხადებების კრიტიკას პასუხობს.

ფეისბუქ-გვერდზე განთავსებულ ვიდეოსა და მის აღწერაში სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ხულოელებისათვის ბოდიში ამჟამინდელ ხელისუფლებას აქვს მოსახდელი.

“ხულოსთვის და ხულოელებისთვის ბოდიში აქვს მოსახდელი ივანიშვილს და მის ბანდას!” – აცხადებს ის და იმ პროექტებზე საუბრობს, რომლებიც, მისი თქმით, ხულოში იყო დაგეგმილი და “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გააჩერა.

“მე მგონი, აჭარლებს და მათ შორის, ხულოელებს, ჩემს საყვარლებს, არ სჭირდებათ ახსნა, თუ როგორ მიყვარს მე ისინი. არცერთ მმართველს საქართველოს ისტორიაში არ გაუკეთებიათ იმდენი აჭარისთვის, რამდენიც გავაკეთე მე, ლევან ვარშალომიძემ და ჩემმა გუნდმა”, – აცხადებს ის.

სააკაშვილი უშუალოდ ეხება ხულოს სამხატვრო გალერეასაც, რომელიც თავის წინა განცხადებაში ახსენა და აცხადებს, რომ არ შეიძლება, “ქართული ოცნების” წევრებისა და მათი ოჯახების “შენახვაზე” ათასობით ლარი იხარჯებოდეს.

“თვითონ ხულოს სამხატვრო გალერეა ჩემ მიერ არის აღდგენილი და გარემონტებული, მაგრამ არ შეიძლება, ამაში და სახელმწიფო სიპ-ებში მრავალ ათას ლარს ხარჯავდნენ დეპუტატების, “ოცნების” წევრების  შენახვასა და ე.წ. ხელფასებზე უსაქმურობისთვის, მაშინ როცა ხალხი კვდება შიმშილით”, – თქვა სააკაშვილმა.

მანამდე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიუნხენში ემიგრანტებთან შეხვედრისას “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი და ამჟამად მმართველი პარტიის რიგებში მყოფი ანზორ ბოლქვაძე შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოიხსენია.

“…არის ერთი დეგრადირებული ყოფილი დეპუტატი ხულოში, ბოლქვაძე, ჩემი სირცხვილი, რომ ის ჩემი პარტიის წევრი იყო. ვაი, მართლა კახა ბენდუქიძემ რომ თქვა, ანზორ ბოლქვაძე რომ ჩემ გვერდით დაჯდებოდა და მისი სუნი რომ არ მაწუხებდა, ესეც ჩემი პრობლემაა, მაგრამ ანზორ ბოლქვაძემ ამას წინათ რაღაცებში თავი გამოიჩინა მორიგი სისულელეებით და ცოლი გაფორმებული ჰყავს ხულოს სამხატვრო გალერეის თანამშრომლად. ხულოს სამხატვრო გალერეა… ფსიქიატრები რომ გაუქმდნენ, ვიცი, მაგრამ ხულოს სამხატვრო გალერეა რა არის, სამხატვრო გალერეა და ხულო რა შუაშია?” – თქვა მან.

ბოლქვაძესთან დაკავშირებით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა:

“ანზორ ბოლქვაძე რომ ჩემ გვერდით დაჯდებოდა და მისი სუნი არ მაწუხებდა, ესეც ჩემი პრობლემაა”.

განცხადების კრიტიკოსთა შორის იყო ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე, რომელმაც თქვა, რომ ექსპრეზიდენტმა ხულოელებს ბოდიში უნდა მოუხადოს. ნაკაიძემ ხაზი გაუსვა როგორც “სუნის” მითითებას სააკაშვილის მხრიდან, ისე ხულოს სამხატვრო გალერეაზე გახმიანებულ განცხადებას.

7 მაისს ანზორ ბოლქვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს  მოსთხოვა ცოლის სასტუმროს დატოვება ხულოში. ამ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.  ანზორ ბოლქვაძემ დაგვიდასტურა, რომ მისი ცოლი ნამდვილად მუშაობს ხულოს სამხატვრო გალერეაში, ეს საქველმოქმედო საქმეა და მისი ცოლის ანაზღაურება მხოლოდ 220 ლარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი