სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ეხმაურება შუალედური არჩევნების მოახლოების ფონზე ზუგდიდში 14 მაისს მომხდარ ძალადობრივ ინციდენტს და სავარაუდო საარჩევნო დანაშაულების შესახებ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას.
ISFED-ის ცნობით, 14 მაისს გავრცელებული ფარული ვიდეოჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, პ/გ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“ საკრებულოს წევრი გია დანელია თანამოსაუბრეს უყვება თბილისიდან ჩასულ წარმომადგენლებთან ერთად გამართულ თათბირზე გაცემულ ინსტრუქციაზე, რომ მოახლოებულ არჩევნებში მმართველი პარტიის გასამარჯვებლად, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენონ მოქალაქეების დაშინების, მოსყიდვის, გატაცების და მათ ნებაზე ზემოქმედების მეთოდები. ჩანაწერში საუბარია ასევე, სავარაუდოდ, ერთ-ერთ ადგილობრივ მეწარმეზე ზეწოლის განზრახვაზე. აღსანიშნავია, რომ ამ ჩანაწერის გავრცელებამდე რამდენიმე მოქალაქე მედიასთან საუბრობდაამომრჩეველთა მოსყიდვის სავარაუდო შემთხვევებზე.
ამასთან, 14 მაისს ძალადობრივ ინციდენტს ჰქონდა ადგილი ტელეკომპანია „ოდიშის“ გადაცემის მომზადების პროცესში, რა დროსაც ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატს და ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფის წევრებს „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის საფუძველზე შსს-მ გამოძიება დაიწყო და დაკავებულია ერთი პირი.
“გავრცელებული ფარული ვიდეოჩანაწერის შინაარსიდან იკვეთება სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. კერძოდ, სახეზეა, სავარაუდოდ, საკრებულოს მმართველი პარტიის წევრი დეპუტატის მონაწილეობით დანაშაულის დაგეგმვა, რომელიც გულისხმობს ამომრჩევლის მოსყიდვას, ამომრჩევლის ნების განხორციელებისთვის ხელის შეშლის მიზნით მუქარას და შესაძლო გატაცებას.
14 მაისს მომხდარ ინციდენტში კი, ძალადობის გარდა, მედიით გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა.
„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ საარჩევნო კამპანიის პროცესში გამოვლენილი ნებისმიერი დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედება, რომელიც მიმართულია ძალადობის, კამპანიის ჩაშლის, მედიის საქმიანობისათვის ხელის შეშლის, ამომრჩევლის მოსყიდვის ან მუქარისკენ საფრთხეს უქმნის დემოკრატიული არჩევნების პროცესს, ხელყოფს ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენის პრინციპს და შესაძლოა ხელი შეუშალოს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლების რეალიზებას. ამდენად, აღნიშნული ქმედებები საჭიროებს სამართალდამცავი ორგანოების მიერ მყისიერ, ეფექტურ და დროულ რეაგირებას”, – აცხადებენ ISFED-ში.
„სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს:
სამართალდამცავ უწყებებს:
- დროულად, მიუკერძოებლად, სრულყოფილად და სათანადო კვალიფიკაციით გამოიძიონ აღნიშნული ფაქტები და სამართლებრივ პასუხისგებაში მისცენ სათანადო პირები.
- სათანადო რეაგირება იქონიონ შუალედური არჩევნების პროცესში სავარაუდო საარჩევნო დარღვევების ნებისმიერ მცდელობაზე და უზრუნველყონ 19 მაისის შუალედური არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარება.
პოლიტიკურ პარტიებს და მათ აქტივისტებს:
- თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებების, ამომრჩეველთა დაშინებისა და მოსყიდვის მცდელობებისგან და ხელი არ შეუშალონ ამომრჩეველთა ნების თავისუფალ გამოხატვას.
- მმართველი პარტია მკაფიოდ გაემიჯნოს ძალადობრივ ინციდენტებს, ამომრჩევლებზე ზეწოლის თუ მოსყიდვის მცდელობებს და დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით.