პოლიციის ცნობით, დანაშაული, დამტკიცების შემთხვევაში, 5-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის მიზნით ჩამოვიდა. ასევე, დადგინდა, რომ ის ნარკოტიკულ ნივთიერებებს თბილისში, სხვადასხვა ადგილზე ათავსებდა, ფოტოებს უღებდა და შესაბამისი აღნიშვნებით და კოორდინატებით, შემდგომი გასაღების მიზნით, ორგანიზატორს უგზავნიდა.
დაკავებულის პირადი და სასტუმროს ნომრის ჩხრეკისას, ასევე თბილისში, 10 სხვადასხვა ადგილიდან, ნივთმტკიცებად ამოღებულია 15 შეკვრად დაფასოებული 122,96 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 19-260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 262 პირველი პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ გასაღებას და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს”, – აცხადებენ შსს-ში.
ამასთანავე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის და ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს კიდევ ერთი პირი.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული უცხო ქვეყნიდან ჩამოფრინდა და ცდილობდა საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების – 265 აბი „სუბუტექსის“ შემოტანას.
“გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260–ე მუხლის მე–6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ასევე, გაცნობებთ ნარკოდანაშაულის კიდევ ერთი გახსნილი ფაქტის შესახებ.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით პოლიციამ 1 პირი იმ დროს დააკავა, როცა თბილისის შემოვლით გზაზე გადაადგილდებოდა. პოლიციამ მისი ავტომანქანის ჩხრეკისას 392 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსი“ ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ჯამში, 2019 წლის პირველი იანვრიდან 13 მაისამდე პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: 13.5 კილოგრამი “ჰეროინი”, 1 800 აბი “სუბუტექსი” და “სუბოქსინი”, 2500 აბზე მეტი “ექსტაზი”, 6.5 კილოგრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, 1 კილო და 400 გრამი კოკაინი და 400 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები.
ამავე პერიოდში, სამართალდამცველების მიერ პასუხისგებაში მიცემულია 60 ნარკორეალიზატორი”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.