“ოცნებას” ზუგდიდში ამომრჩევლის მოსყიდვაში სდებენ ბრალს, პარტიაში ამას “სიცრუეს” უწოდებენ

გაერთიანებული ოპოზციის წარმომადგენლები “ქართული ოცნებას” და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს ზუგდიდში ამომრჩევლის მოსყიდვაში სდებენ ბრალს. მათი თქმით, პარტიის წარმომადგენლები ზუგდიდელებზე ზემოქმედებას, რიგ შემთხვევაში, მუქარის გზითაც ცდილობენ. თავად “ოცნებაში” ამ ბრალდებას უარყოფენ და სისულელედ აფასებენ.

ინფორმაციას ამომრჩეველთა მოსყიდვის შესახებ დღეს, 13 მაისს, ბრიფინგზე “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, ლევან ხაბეიშვილმა გაახმიანა. ხაბეიშვილმა თქვა, რომ “ქართული ოცნება” ზუგდიდში არჩევნებს აგებს, რის გამოც “პანიკაშია”.

“ბიძინა ივანიშვილი,  “ქართული ოცნება” არიან პანიკურ შიშში იმიტომ, რომ ისინი ზუგდიდში არჩევნებს აგებენ. შსს, ბატონი გახარია, „ქართული ოცნება“ ზუგდიდში ატარებს ოპერაციას “სვავი”. ამ შემთხვევაში მაღალი თანამდებობის პირები მოვლენილი ჰყავთ ზუგდიდში იმიტომ, რომ კონკრეტულ ადამიანებს ჩამოართვან პირადობის მოწმობა იმისთვის რომ ვერ მოხვდნენ არჩევნებზე და ვერ გამოხატონ საკუთარი ნება. ვერ მისცენ ხმა იმ კანდიდატს, რომელიც მათ სურთ. ამაში ჩართულები არიან მაღალი თანამდებობის პირები,” – ამბობს ხაბეიშვილი.

ბრიფინგის განმავლობაში ხაბეიშვილი რამდენიმე მაღალჩინოსანს ასახელებს, მათ შორის, შსს-ს, ფინანსური პოლიციისა და დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებს. ის განმარტავს, რომ ზემოხსენებული პირები ან აშინებენ თანამშრომლებს, ან პირადობებს ართმევენ, ან მათი ხმების მოსყიდვას ცდილობენ.

შსს-ში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

რაც შეეხება “ქართულ ოცნებას”, პარტიის წარმომადგენელი ირაკლი ჩიქოვანი ამბობს, რომ ხაბეიშვილის და სხვა ოპოზიციური წევრების ბრალდებები სიცრუეა.

“რეალობა არის აბსოლუტურად სხვა, “ქართული ოცნება” აწარმოებს, მიზანმიმართულად აწარმოებს კამპანიას, რომელიც ორიენტირებულია იმაზე, თუ რა სარგებელბს მოუტანს ჩვენს ზუგდიდელებს გეგა შენგელიას არჩევა. ხოლო რაც შეეხება უსაფუძვლო ბრალდებებს, რომლის ერთადერთი საფუძველიც ამ ადამიანების სიტყვებია, ეს არის სიცრუე.

ეს ადამიანები არაერთხელ შეუმჩნევიათ იმაში, რომ ისინი არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ და ქმნიან თითქოსდა დაძაბულ ფონს. რაც შეეხება თუ რაიმე ფაქტი არის [მოსყიდვის], მე გავიმეორებ, რომ მიმართონ სამართალდამცველებს და დამერწმუნეთ, ჩვენ ზუგდიდელებს არ ვაკადრებთ იმას, რაზეც ეს ადამიანები საუბრობენ,” – ამბობს ჩიქოვანი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან