ახალი ამბები

კახეთში, სოფელ ჯუგაანში, სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა სახლს მოხვდა

13 მაისი, 2019 • 1038
კახეთში, სოფელ ჯუგაანში, სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა სახლს მოხვდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში სახლს სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევა გუშინ, 12 მაისს მოხდა. “ბუნებრივ პროცესებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრში” ამბობენ, რომ სპეციალისტები ინტენსიურად მუშაობენ სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტის მწარმოებელ ბულგარულ კომპანიასთან და “ითხოვენ განმარტებას რაკეტის ტექნიკურ სპეციფიკაციასთან შეუსაბამო მუშაობის შესახებ”.

რაც შეეხება ზიანს, დაზარალებული, ზაირა კიკალიშვილი რუსთავი 2-თან საუბარში ამბობს, რომ დაახლოებით 1 მეტრის სიგრძის რაკეტა ჭერს დაეცა, შემდგომ კი იატაკი გახვრიტა. მიზეზების დადგენამდე მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს შპს “ბუნებრივ პროცესებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრი”.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

გარეკანი ფოტო: სქრინი საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიდეოდან. 

მასალების გადაბეჭდვის წესი