ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას ორი ახალი მოადგილე ეყოლება. დავით თვალაბეიშვილი ენერგეტიკის საკითხებზე იმუშავებს, ხოლო ნიკოლოზ ალავიძე ინვესტიციების ნაწილზე იქნება პასუხისმგებელი.
მინისტრი განმარტავს, რომ ალავიძის დაქვემდებარებაში იქნება ყველა ის პირი ნებისმიერი უწყებიდან, რომლებსაც შეხება აქვთ ინვესტორებთან.
“ჩვენი ამოცანაა, რომ ინვესტორს არ უწევდეს ერთი უწყებიდან მეორეში სიარული და ამაში დრო არ იკარგებოდეს. ამასთან, გვინდა რაც შეიძლება სწრაფად იქცეს ინვესტორის სურვილები კონკრეტულ პროექტებად. ნიკა ალავიძე კერძო სექტორიდან მოდის, ის არის გამოცდილი ბანკირი, რომელსაც სხვადახვა წამყვან ბანკში მენეჯერულ პოზიციაზე აქვს მუშაობის გამოცდილება,”-აცხადებს მინისტრი.
ნათია თურნავას თქმით, ენერგეტიკის სფეროს კურატორობას დავით თვალაბაეიშვილი გაუწევს. ის აქამდე სახელმწიფო ელექტროსისტემას ედგა სათავეში, ასევე იყო ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი. “მისი მთავარი დავალება იქნება, დააჩქაროს ენერგეტიკის სფეროში დაწყებული რეფორმები,”-ამბობს თურნავა.
მინისტრი ასევე აცხადებს, რომ მისი სხვა მოადგილეები პოსტებს შეინარჩუნებენ. შესაბამისად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს 7 მოადგილე ეყოლება.