ახალი ამბები

ნასვამი მძღოლების მიერ არასწორ პარკირებასა და სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქციები მკაცრდება

6 მაისი, 2019 • 1853
ნასვამი მძღოლების მიერ არასწორ პარკირებასა და სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქციები მკაცრდება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტრო ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე, დგომა-გაჩერების წესების დარღვევასა და სიჩქარი გადაჭარბებაზე სანქციების გაზრდას/გამკაცრებას აანონსებს. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ გაერო-ს საგზაო უსაფრთხოების რიგით მეხუთე კვირეულის პირველ ღონისძიებაზე ისაუბრა.

ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა შემცირდეს. ამისთვის ვამატებთ კამერებს. წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით 5 000-მდე სხვადასხვა ტიპის კამერა იქნება – ნომრის ამომცნობი, სახის ამომცნობი, ზოგადი ხედვის და ა.შ. ვაპირებთ საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდას როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, რათა გადაფარვა უფრო მეტად მოხდეს და, შესაბამისად, აღსრულების ეფექტიანობა გაიზარდოს.  ასე ვგეგმავთ საკანონდებლო ცვლილებებს. ეს ცვლილებები უკვე მომზადებულია და უკვე დავიწყებთ განხილვას მთავრობასთან და შემდეგ პარლამენტში უნდა წარვადგინოთ საგაზაფხულო სესიაზე, რაც გარკვეული მიმართულებებით, მაგალითად: ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა, დგომა-გაჩერების წესების დარღვევა, სიჩქარის გადაჭარბება სანქციების გაზრდასა და გამკაცრებას ემსახურება. ასევე, ვგეგმავთ, სიჩქარის გადაჭარბებაზე ქულათა სისტემის ჩამოკლება ვიდეოკამერებს მივაბათ”, – განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

შს მინისტრის მოადგილის თქმით, თბილისში საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდაც იგეგმება, თუმცა ზუსტ ციფრს მთავრობასთან განხილვამდე ვერ დაასახელებენ, რადგან ეს ფინანსური რესურსების მოზიდვისა და ტექნიკური საშუალებების გაზრდას საჭიროებს:

ნამდვილად გვაქვს ასეთი გეგმა ჯერ თბილისის მასშტაბით, გასაგები მიზეზების გამო. ტურისტების რაოდენობა იზრდება და ზოგადად მოსახლეობის მესამედი თბილისში ცხოვრობს. შესაბამისად, ეტაპობრივად, შემდეგ რეგიონებში გაიზრდება. რაც შეეხება სანქციებს, აქაც კონკრეტულ მაჩვენებლებს არ დავასახელებ. ეს იქნება სხვადასხვა გათვლებზე დაფუძნებული, თუმცა გამკაცრება ცალსახად მოსალოდნელია ამ მხრივ. ასევე, ვგეგმავთ, რომ სიჩქარის გადაჭარბებაზე ქულათა სისტემა მივაბათ ვიდეოკამერებს. ამან გამოიწვია არაერთგვაროვანი რეაქციები. აქვე მინდა ავხსნა, რომ დღესაც, როდესაც ვიდეოკამერებით ხდება დაჯარიმება, ჯარიმდება ავტომობილის მფლობელი და არა მძღოლი, რადგან კამერა მძღოლს სახეზე ვერ ცნობს. ამ შემთხვევაშიც ხდება ავტომობილის მფლობელის დაჯარიმება”.

ნინო ჯავახაძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო საკანონმდებლო პაკეტის პარლამენტში წარდგენას საგაზაფხულო სესიაზე გეგმავს, რადგან, სულ მცირე, მალევე მაინც დაიწყონ ამ ცვლილებების განხილვა.

როგორც შს მინისტრის მოადგილე აცხადებს, საგზაო უსაფრთხოება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა. ნინო ჯავახაძის თქმით, გასულ წელს, ბოლო ათწლეულთან შედარებით, ყველაზე დაბალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაფიქსირდა ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად. თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ 459 დაკარგული სიცოცხლე მაინც მაღალი მაჩვენებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი