ახალი ამბები

შეწყალების სანაცვლოდ დეკანოზის მიერ წერილის დაწერა ჯაღმაიძემ შემომთავაზა – თორნიკე მამალაძე

7 მაისი, 2019 • 1861
შეწყალების სანაცვლოდ დეკანოზის მიერ წერილის დაწერა ჯაღმაიძემ შემომთავაზა – თორნიკე მამალაძე

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ადრია ჯაღმაიძემ პატიმრობაში მყოფ დეკანოზ გიორგი მამამალაძეს პრეზიდენტთან შეწყალების შუამდგომლობის სანაცვლოდ ე.წ. მონანიების წერილის დაწერა მოსთხოვა. ამის შესახებ დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ ნეტგაზეთს უთხრა.

თორნიკე მამალაძის თქმით, აღდგომამდე რამდენიმე კვირით ადრე მას დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ უთხრა, რომ ყველაფერი გადაწყვეტილი იყო:

“მითხრა, რომ ბურთი უკვე ჩვენს მოედანზე იყო და როგორც გავაგორებდით, ისე მოხდებოდა. მათ უნდოდათ, ჩემს ძმას დაეწერა წერილი და ამ წერილის შინაარსი უნდა ყოფილიყო შემდეგი, რომ საპატრიარქო და შორენა თეთრუაშვილი ჩემი ძმის დაჭერაში არაფერ შუაში არ იყნენ და საპტრიარქოში კორუფცია არ არსებობს. ამ წერილის დაწერის შემთხვევაში საპატრიარქო მამალაძეს პრეზიდენტთან შეწყალებაზე უშუამდგომლებდა. ამაზე ჩემმა ძმამ უარი განაცხადა და ამ უარის მოღების შემდეგ ყველამ დავინახეთ, რომ საპატრიარქომ ისევ საპყრობილეში დატოვა ჩემი ძმა”, – უთხრა მამალაძემ “ნეტგაზეთს”.

თორნიკე მამალაძის თქმით, მას ასევე აქვს ინფორმაცია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობის საკითხზე პატრიარქი მღვდელმთავრების ნაწილს შეხვდა და წერილის მომზადება დაავალა:

“ამ შეხვედრაზე მყოფი მღვდელმთავრებისაგნ მაქვს ინფორმაცია, რომ ორჯერ ისაუბრეს ამ თემაზე და პატრიარქმა მათ შუამდგომლობის წერილის მომზადება და პრეზიდენტისთვის მიმართვა დაავალა. სამწუხაროდ, ეს წერილი არ დაიწერა. ეს ნიშნავს, რომ ან პატრიარქმა მოატყუა ეს მღვდელმთავრები, ან შორენა თეთრუაშვილმა გადაწონა პატრიარქის ნება-სურვილი”, – ამბობს თორნიკე მამალაძე.

თორნიკე მამალაძის თქმით, ანდრია ჯაღმაიძე მას მანამდე ესაუბრა, სანამ პატრიარქი მღვდელმთავრებს შეხვდებოდა.

მღვდელმთავრებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ ტელეკომპანია რუსთავი 2-სთვს მიცემულ ინტერვიუში. როგორც მიტროპოლიტი აღნიშნავდა, ილია მეორემ მართლაც დაავალა მღვდელმთავართა ჯგუფს წერილის მომზადება და პრეზიდენტისთვის შუამდგომლობით მიმართვა:

“უწმინდესის გულწრფელობაზე გული მაქვს გატეხილი იმიტომ, რომ როგორც ჩემთვის ცნობილია, მარხვის დაწყებამდე მღვდელმთავართა ჯგუფი ეახლა პატრიარქს, ამ თემაზე ისაუბრეს და უწმინდესმა დაავალა, რომ მათ დაეწერათ, მოემზადებინათ საშუამდგომლო წერილი პრეზიდენტის მიმართ, ანუ წერილის დაწერა იყო დავალებული. მერე რა მოხდა და ორი თვის განმავლობაში რით ვერ დაიწერა, რატომ არ დაიწერა ეს წერილი, ბუნებრივია, ამაზე უნდა გასცეს ისევ ამ ჯგუფმა პასუხი” ,- ამბობს მიტროპოლიტი პეტრე “რუსთავი 2-თან“.

ამ თემაზე “ნეტგაზეთი” საპატრიარქოს პრესსამსახურის ხემძღვანელ დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს დაუკავშირდა. გაგზავნილი კითხვის საპასუხოდ დეკანოზმა მოგვწერა, რომ შეწყალების შუამდგომლობასთან დაკავშირებით საპატრიარქოს 26 თებერვლის განცხადებით ვიხემძღვანელოთ და ჯერჯერობით ახალს ვერაფერს გვეტყვის.

აღნიშნულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “საქართველოს საპატრიარქო შუამდგომლობას [შეწყალებაზე] აღძრავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული ითხოვს შენდობას და აღიარებს თავის წილ დანაშაულს”.

“ნეტგაზეთმა” დეკანოზს სთხოვა დაეზუსტებინა, რას გულისხმობდა საპატრიარქო დეკანოზის მიერ თავისი წილი დანაშაულის აღიარებაში, რაზეც საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა გვიპაუსხა:

“მონანიებაში არ ვგულისხმობთ სამართლებრივ ბრალდებას, რასაც სასამართლოზეც არ აღიარებს. აქ იგულისხმება ცილისწამებები და სულიერი გადაცდომები”, – ამბობს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.


დეკანოზ მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. სასამართლომ დეკანოზი პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ. დეკანოზი მამალაძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი