ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ რამდენიმე ჟურნალისტს ქვეყნიდან გასვლის უფლება მისცა

6 მაისი, 2019 • 858
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ რამდენიმე ჟურნალისტს ქვეყნიდან გასვლის უფლება მისცა

დღეს, 6 მაისს, ოთხი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი პროკურატურაში დაიბარეს და განუცხადეს, რომ მოუხსნეს შეზღუდვა ქვეყნიდან გასვლაზე, რომელიც 2015 წლიდან იყო მათთვის დაწესებული.

“გენპროკურატურის განყოფილების უფროსმა ელდარ აჰმედოვმა პირადად მიგვიღო და შეზღუდვის გაუქმებაზე საკუთარი ხელმოწერით დადასტურებული განკარგულებები გადმოგვცა”, – განუცხადა სააგენტო თურანს ჟურნალისტმა ნატიგ ჯავადლიმ.

ჯავადლის მსგავსად, ქვეყნიდან გასვლაზე აკრძალვა მოეხსნათ ჟურნალისტებს: ოზოლდა აგაევას, სალიმე ჯალილოვას და რასიმ გარეჩს.

სააგენტო თურანის ცნობით, უახლოეს დროში შეზღუდვა კიდევ იმ 8 აზერბაიჯანელ ჟურნალისტს მოეხსნება, რომლებიც სხვადასხვა დროს აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი არალოიალურად განწყობილ მედია Meydan.tv-სთან თანამშრომლობდნენ.

აკრძალვა ქვეყნიდან გასვლაზე აზერბაიჯანის ხელისუფლებამ Meydan.tv-ს ჟურნალისტების მიმართ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დაწყების შემდეგ დააწესა. დაახლოებით ოთხი წლის განმავლობაში 10-ზე მეტ ჟურნალისტს პერიოდულად იბარებდნენ პროკურატურაში და მათგან Meydan.tv-ს დაფინანსების წყაროების გამხელას მოითხოვდნენ.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის გამო მკაცრად აკრიტიკებდნენ აზერბაიჯანის ხელისუფლებას.

თანამედროვე აზერბაიჯანის ხელისუფლება განსხვავებული აზრის, კრიტიკისა და ხელისუფლებისადმი არალოიალური განწყობების გამო ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებსა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს დევნის. Freedom House-ის ახალი, 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, დემოკრატიის მაჩვენებლით რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა აზერბაიჯანშია. აღნიშულ ანგარიშში აზერბაიჯანის შესახებ წერია, რომ ავტორიტარიზმი ქვეყანაში სულ უფრო ღრმავდება, პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და მისი ოჯახის ძალაუფლება კი კიდევ უფრო ძლიერდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი