ახალი ამბები

ეს იყო ტექნიკური ტრანზაქცია – თურნავა ენმ-სთვის შეწირულ 35 ათასზე

6 მაისი, 2019 • 789
ეს იყო ტექნიკური ტრანზაქცია – თურნავა ენმ-სთვის შეწირულ 35 ათასზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობისთვის” საკუთარი ფული არ შეუწირავს და კომპანიამ მისი ანგარიში ტრანზაქციისთვის გამოიყენა.

საუბარია 2012 წელზე, როდესაც თურნავა საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის (GIG) გენერალური დირექტორი იყო, მაშინ მან მმართველ პარტიას 35 ათასი ლარი შესწირა.

“ნაციონალური მოძრაობის შემომწირველი არ ვარ. მე საკუთარი თანხა “ნაციონალური მოძრაობისთვის” არ შემიწირავს. მართლაც, ეს იყო ტექნიკური ტრანზაქცია და იმ დროს რა კომპანიაშიც ვმუშაობდი, რამდენიმე მაღალი რანგის მენეჯერის ანგარიში იყო გამოყენებული ამ ტრანზაქციისთვის. თქვენ შეგიძლიათ გააანალიზოთ, რატომ ხდებოდა ეს მაშინ და რასთან იყო დაკავშირებული”, – აცხადებს თურნავა.

ეკონომიკის მინისტრი არ არის პირველი მოქმედი თანამდებობის პირი, რომელიც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის” 2012 წელს თანხის გადარიცხვას ამართლებს. პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 2012 წლის 2 აგვისტოს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 20 000 ლარი შესწირა. ბახტაძემ 2018 წლის 19 ივნისს ენმ-ის დეპუტატებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საკუთრი თანხა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის” არასოდეს შეუწირავს. რაც შეეხება 2012 წლის აგვისტოში ენმ-სთვის მისი სახელით შეწირულ 20 000 ლარს, ბახტაძე ამბობს, რომ მისი ანგარიში მხოლოდ “ტექნიკურად გამოიყენეს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი