ახალი ამბები

კანონიდან “ლიბერალურის” ამოღების კანონპროექტი ჩავარდა

3 მაისი, 2019 • 1827
კანონიდან “ლიბერალურის” ამოღების კანონპროექტი ჩავარდა

ზოგადი განათლების შესახებ კანონში ინიცირებული ცვლილებები, რომლის ამჟამინდელი ვერსიაც ითვალისწინებს კანონიდან სიტყვა ლიბერალურის ამოღებას, ჩავარდა.

ოპოზიციის წარმომადგენლები კანონპროექტზე კენჭისყრის გადადებას ითხოვდნენ.

განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშის თქმით კი, კანონიდან სიტყვა ლიბერალურს არ ამოიღებენ და მეორე მოსმენამდე კანონპროექტის ავტორები (გენადი მარგველაშვილი და ნუკრი ქანთარია) კონსულტაციებს გამართავენ განათლების სამინისტროსთან, ომბუდსმენთან და ა.შ.

მარიამ ჯაშმა განაცხადა, რომ მიზანი არის კანონმდებლობის დაახლოება ბავშვთა უფლებების კონვენციასთან.

საუბარია ჩანაწერზე, რომელიც ზოგადი განათლების შესახებ კანონის მიზნებში გვხვდება: “ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება”.

ერთ-ერთმა ავტორმა ნუკრი ქანთარიამ კანონპროექტის კენჭისყრაზე დაყენება მოითხოვა. პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ ტერმინი პრინციპული საკითხია და ვერ განხორციელდებოდა დათქმით კენჭისყრა, რომ მას II მოსმენამდე ამოიღებდნენ. კობახიძემ დეპუტატებს კენჭისყრამდე სთხოვა ამის გათვალისწინება.

საბოლოოდ კანონპროექტს 61-მა ადამიანმა დაუჭირა მხარი (18 წინააღმდეგი), კვორუმი კი 68 იყო.

 


კანონპროექტით, რომელიც 20 თებერვალს ალექსანდრე ქანთარიასა და გენადი მარგველაშვილის ინიციატორობით დარეგისტრირდა, “ზოგადი განათლების შესახებ” კანონიდან სიტყვა “ლიბერალური”  ამოღებულია, სანაცვლოდ კი კანონში დამატებულია პუნქტი, რომლითაც მოსწავლემ “ეროვნული ტრადიციების, კულტურული ფასეულობების, ოჯახის” პატივისცემა უნდა ისწავლოს.

საუბარია კანონის იმ ნაწილზე, სადაც განათლების მიზნებზეა საუბარი.

დღესდღეობით, ზოგადი განათლების შესახებ კანონის   პირველ მუხლში ვკითხულობთ, რომ ამ კანონით ზოგადი განათლების ერთ-ერთი მთავარი მიზანი მოსწავლის “ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნაა”. გარდა ამისა, კანონის მესამე მუხლის ბ პუნქტი ამბობს:

“მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელის შეწყობა,”.

ქანთარიასა და მარგველაშვილის მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტში კი ბ პუნქტიდან სიტყვა “ლიბერალური” ამოღებულია და მესამე მუხლის “ბ” პუნქტი გამოიყურება ასე:

“მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღ წესსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება;“

გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, მესამე მუხლს უნდა დაემატოს კიდევ ერთი “გ” პუნქტი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ზოგადი განათლების სახელმწიფო პოლიტიკაში მოსწავლისთვის ტრადიციებისა და ეროვნული ღირებულებების პატივისცემაც უნდა შევიდეს. ავტორებმა “გ” პუნქტი ჩამოაყალიბეს შემდეგნაირად:

“მოსწავლის მიერ ეროვნული ტრადიციების, კულტურული ფასეულობების, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებისა და პატივისცემის განვითარება,” – წერია კანონპროექტში.

ავტორები განმარტავენ, რომ ამ ცვლილებებით “ზოგადი განათლების შესახებ” კანონი დაუახლოვდება ,,ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერო-ს 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციას, რომლის 29-ე მუხლში წერია:

მონაწილე სახელმწიფოები თანხმდებიან იმაზე, რომ ბავშვის განათლება გამიზნული უნდა იყოს იმისათვის, რათა: ა) ბავშვის პიროვნება, ნიჭი და გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები რაც შეიძლება სრული მოცულობით განვითარდეს; ბ) აღიზარდოს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების, აგრეთვე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით გამოცხადებული პრინციპების პატივისცემა; გ) აღიზარდოს ბავშვში მშობლების, მისი კულტურული თავისთავადობის, ენისა და ღირებულებების, თავის საცხოვრებელი ქვეყნის, თავისი წარმომავლობის ქვეყნის და მისი საკუთრებისგან განსხვავებული ცივილიზაციების ღირებულებათა პატივისცემა; დ) ბავშვი მომზადდეს თავისუფალ საზოგადოებაში შეგნებული ცხოვრებისათვის გაგების, მშვიდობის, შემწყნარებლობის, მამაკაცებისა და ქალების თანასწორობის, ყველა ხალხს, ეთნიკურ, ეროვნულ და რელიგიურ ჯგუფებს, აგრეთვე მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენელთა შორის მეგობრობის სულისკვეთებით; ე) აღიზარდოს გარემოსადმი პატივისცემის გრძნობა.

კანონპროექტის ინიციატორი ზემოხსენებული ორი დეპუტატია, ავტორები კი არიან პარმენ მარგველაშვილი, ავთანდილ არაბული, გიორგი გოგოლაშვილი, ალექსანდრე ქანთარია, გენადი მარგველაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი