ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ახალგორში მცხოვრები აქტივისტის და ჟურნალისტის, თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე დევნის პრაქტიკებს აფასებს და საქართველოს სახელმწიფოს ამ საქმეზე ქმედითი პოლიტიკური, დიპლომატიური და სამართლებრივი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.
EMC მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტიან კონტროლს ვერ ახორციელებს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი მას აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას, მის ხელთ არსებული ყველა საშუალების გამოყენებით დაიცვას თამარ მეარაყიშვილის უფლებები. ამის გათვალისწინებით EMC მოუწოდებს საქართველოს სახელმწიფოს:
დროულად და ეფექტიანად გამოიძიოს თამარ მეარაყიშვილის გატაცების საქმე, იდენტიფიცირებული პირების მხრიდან გამოვლენილ ქმედებებს მისცეს რელევანტური სისხლის სამართლებრივი კვალიფიკაცია და შესაბამის პირებს დააკისროს პასუხისმგებლობა
უზრუნველყოს თამარ მეარაყიშვილის უფლებების დაცვა საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით. ამ კუთხით EMC მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, მეარაყიშვილის საქმე საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ წარდგენილ მესამე სახელმწიფოთა შორის განაცხადის ნაწილად აქციოს.
ყველა საერთაშორისო დონეზე მოლაპარაკებების წარმოებისას აქტიურად დააყენოს თამარის, როგორც ეთნიკურად ქართველი აქტივისტის უფლებების დაცვის საკითხი და მისი უფლებებისა და ინტერესების მნიშვნელობას ხაზი გაუსვას ყველა საერთაშორისო ფორმატში.
“თამარ მეარაყიშვილის მიმართ საქმე გვაქვს უფლებების დარღვევის განგრძობად პრაქტიკასთან. მის მიმართ ირღვევა გამოხატვის თავისუფლება, გადაადგილების თავისუფლება, პირადი ხელშეუხებლობის უფლება და სხვა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ უფლებების დარღვევა არსებითად ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის კონტექსტს ატარებს. თამარ მეარაყიშვილის თქმით, მისი დევნა და უფლებების განგრძობადი დარღვევა საბოლოოდ მიზნად ისახავს ახალგორიდან მის განდევნას და კრიტიკული აზრის ჩახშობას”.
თამარ მეარაყიშვილი ცხოვრობს ახალგორში და, როგორც ჟურნალისტი და აქტივისტი, ხშირად გამოირჩევა კრიტიკული განცხადებებითა და პოზიციებით დე ფაქტო ხელისუფლების მიმართ. ის ასევე კრიტიკულია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ და საჯაროდ ეხმიანება ამ საკითხებს.
“თამარის მიერ მოწოდებული ინფორმაცია რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური პროცესების, ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ მნიშვნელოვანი წყაროა და ზოგადად, ოკუპირებულ რეგიონებში მედიის წვდომის შეზღუდვის პირობებში, მას განსაკუთრებული ღირებულება აქვს. ამასთანავე, რეგიონში დამოუკიდებელი ქართველი აქტივისტის მოღვაწეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იქ ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დამაგრებისა და ქართველ და ოს ხალხებს შორის ურთიერთობის და სოციალური დიალოგის მხარდაჭერისთვის”.
კრიტიკული საჯარო პოზიციონირების გამო 2017 წლიდან სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ დაიწყო თამარ მეარაყიშვილის სისხლის სამართლებრივი დევნა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ცილისწამების, დოკუმენტების ფალსიფიკაციის და ოფიციალური დოკუმენტების უკანონოდ მიღების ბრალდებით.
სისხლისსამართლებრივი პროცედურები ამ დრომდე მიმდინარეობს და წელიწადნახევარზე მეტია მეარაყიშვილს ჩამორთმეული აქვს ოფიციალური დოკუმენტები, რაც მას უზღუდავს გადაადგილების თავისუფლებას და, შესაბამისად, სოციალურ და ეკონომიკურ იზოლაციას უქმნის.