ტელეკომპანია “იმედის” წინააღმდეგ სასამართლოში მაია სტეფნაძის ინტერესებს TI დაიცავს

“იმედის” ყოფილმა პრიდუსერმა მაია სტეფნაძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ გათავისუფლების საკითხს სასამართლოში გაასაჩივრებს და მის  ინტერესებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” დაიცავს. სტეფნაძე განმარტავს, რომ “იმედის” წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლას იწყებს, რათა მომავალში მსგავსი მიზეზით ადამიანები სამსახურიდან არ გაათავისუფლონ.

TI-ის ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის შეფასებით, ტელეკომპანია “იმედმა” თანამშრომელი განსხვავებული მოსაზრების გამო გაათავისუფლა.

“ვფიქრობთ, ეს არის მნიშვნელოვანი პრეცედენტი, როდესაც ძალიან ცნობილი პროდიუსერი თავის დისკრიმინაციაზე საუბრობს, როდესაც განსხვავებული აზრის გამო ის იდევნება და ამის შედეგად ის ტოვებს სამსახურს. ვფიქრობთ, ამ ფაქტით დაინტერესდება ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია და ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს საელჩოები”, – აცხადებს ეკა გიგაური.

მაია სტეფნაძემ გუშინ, პირველ მაისს, ფეისბუკზე დაწერა, რომ პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ხელისუფლებისადმი კრიტიკული პოსტების გამო ტელეკომპანიიდან გაათავისუფლეს.

სტეფნაძის თქმით, პოსტების გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში “იმედის” დირექტორმა გიორგი კალანდარიშვილმა დაიბარა და უთხრა, რომ სამსახურიდან უშვებდა, რის მიზეზადაც ზემოაღნიშნული სტატუსები დაასახელა.

“მას მერე, რაც ფეისბუკზე პოსტი გამოვაქვეყნე, სამი დღის შემდეგ დამიბარა “იმედის” დირექტორმა გიორგი კალანდარიშვილმა და პირდაპირ მითხრა, რომ სამსახურიდან მიშვებდნენ ჩემი სტატუსის გამო… ამაზე მეტი ცენზურა რაღა უნდა იყოს! გამომიშვეს იმიტომ, რომ გავბედე და ჩემი აზრი ღიად გამოვხატე”, – წერს მაია სტეფნაძე.

ტელეკომპანია “იმედის” ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სალომე ბაზერაშვილის თქმით, გია ჯაჯანიძის გადაცემის პროდიუსერი მაია სტეფნაძე სამსახურიდან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა. ამ საკითხზე დამატებით კომენტარს ტელევიზიაში არ აკეთებენ.

პანკისში ჰესების წინააღმდე გამოსულ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის მომხდარ შეტაკებებზე მაია სტეფნაძემ “ფეისბუქზე” რამდენიმე პოსტი დაწერა. ის ხელისუფლების ქმედებებს ძალადობად აფასებდა და ეკონომიკის ახლად დანიშნულ მინისტრს, ნათია თურნავას აკრიტიკებდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.