ახალი ამბები

ნუ შეეცდებიან ჩემი გამოსვლიდან ერთი ამოგლეჯილი ფრაზით მანიპულაციას – ჩაჩიბაია

1 მაისი, 2019 •
ნუ შეეცდებიან ჩემი გამოსვლიდან ერთი ამოგლეჯილი ფრაზით მანიპულაციას – ჩაჩიბაია

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ვლადიმერ ჩაჩიბაია განმარტავს საკუთარ გამონათქვამს, რომ  ” საქართველომ ბოლო 28 წელიწადში 3 სამოქალაქო ომი გადაიტანა”.

ვიდეოში, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს, გენერალ-მაიორი ამბობს, რომ საქართველოს მთავარი მოწინააღმდეგე რუსეთია:

“რა თქმა უნდა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს რუსეთთან 3 კონფლიქტი ჰქონდა; 1990-იან წლებში მომხდარი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტში რუსეთი იყო როგორც დამგეგმარებელი, ასევე ის მონაწილეობდა მისი კონვენციური და არაკონვენციური ძალებით. მე თავად გახლავართ  მონაწილე რუსეთის მიერ ინსპირირებული და მხარდაჭერილი კონფლიქტების. ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, ჩვენ ვიცავდით ქვეყნის ერთიანობასა და დამოუკიდებლობას.

რა თქმა უნდა, ყველა ამ კონფლიქტში რუსეთი იყო საქართველოს მთავარი მოწინააღმდეგე – ეს არის ჩემი და ყველა პატრიოტის, ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ქართველის პოზიცია, ამიტომ ყველას ვთხოვ, ნუ შეეცდებიან, ჩემი გამოსვლის ტექსტში ერთი ამოგლეჯილი ფრაზით მანიპულაციას”, – ამბობს ჩაჩიბაია.

გუშინ, 30 აპრილს, თავდაცვის სამინისტრომ ფეისბუკ-გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მინისტრი ლევან იზორია და ვლადიმერ ჩაჩიბაია მშვიდობისმყოფელებს თავდაცვის ძალების დღეს ულოცავენ.  სიტყვით გამოსვლის დროს  ჩაჩიბაიამ თქვა, რომ ბოლო 28 წლის განმავლობაში საქართველომ გადაიტანა სამი სამოქალაქო ომი და ერთი ფართო აგრესია რუსეთთან.

“28 წლის განმავლობაში არცერთ ევროპულ ქვეყანას არ გადაუტანია ისეთი მძიმე ხანა, როგორიც თავდაცვის ძალებმა თავის მხრებზე გადაიტანა – 4 ომი, უფრო სწორად, სამი სამოქალაქო ომი და ერთი ფართო აგრესია რუსეთის ფედერალური სახელმწიფოს მხრიდან. მიუხედავად ყველაფრისა, თავდაცვის ძალები ფეხზე დგას, მოტივირებულია და ასრულებს თავის ამოცანას და მომავალშიც, ნებისმიერი გამოწვევის შემთხვევაშიც, მაღალ დონეზე შეასრულებს თავის ამოცანას”, – ამბობს ჩაჩიბაია ვიდეოდან ამონარიდში, რომელიც ფეისბუკზე ვრცელდება.

ამავე შეხვედრის ამსახველ კადრებს თავდაცვის სამინისტროც ავრცელებს, თუმცა, სამინისტროს ვიდეოში არ ჩანს ის ნაწილი, სადაც ჩაჩიბაია 3 სამოქალაქო ომზე საუბრობს. ფეისბუკის მიხედვით, სამინისტრომ ვიდეო 13 საათის წინ გამოაქვეყნა, ის ამონარიდი კი, სადაც ჩაჩიბაია სამოქალაქო ომებზე საუბრობს, 15 საათის წინ გამოქვეყნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი