მერია მშენებლობებზე უსაფრთხოების ე.წ. რეიდულ შემოწმებებს გეგმავს

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მერია გეგმავს, თბილისში არსებული მშენებლობები მოულოდნელად, ე.წ. რეიდულად შეამოწმოს. კალაძემ დღეს, პირველ მაისს გამართულ სხდომაზე ვიცემერს დაავალა, რომ აღნიშნული შემოწმებები “დიდი სიხშირით დაიწყონ, მთელი ქალაქის მასშტაბით”.

“ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ კიდევ უფრო გავამკაცროთ ჩვენი მიდგომები და დამოკიდებულება სამშენებლო ობიექტების მიმართ, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება. თქვენ იცით, რომ ამ მიმართულებით ჩვენ გასულ წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელეთ, გავამკაცრეთ რეგულაციებიც, თუმცა აუცილებელია კიდევ უფრო მეტი ყურადღება. აუცილებელია ე.წ. რეიდების ჩატარება, რომ იქ [ მშენებლობაზე] მისვლა და გადამოწმება ყველასათვის მოულოდნელი იყოს, რათა კიდევ ერთხელ ყველამ გაითავისოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის სიცოცხლე”,- ამბობს კალაძე.

მისივე თქმით, თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა გაითავისოს როგორც დამსაქმებელმა, ასევე დამკვეთმა და მშენებლობაზე მომუშავე ადამიანებმაც. კალაძის განმარტებითვე, მერიას მკაცრი მიდგომები ექნება.


თუ დაინახავთ, რომ მშენებლობაზე ან სხვა სამუშაოს შესრულებისას შრომის უსაფრთხოების პირობები დაცული არ არის — მუშებს არ ახურავთ ჩაფხუტები, არ არიან შენობაზე დამცავი თოკებით დამაგრებული, ან სხვა რამე მოგხვდებათ თვალში — გადაუღეთ ფოტო/ვიდეო და გამოგვიგზავნეთ.

თუკი ფოტო-ვიდეოგადაღების შესაძლებლობა არ გაქვთ, ან ვერ მოახერხეთ, უბრალოდ, მოგვწერეთ სამშენებლო ობიექტის მდებარეობა/მისამართი. ჩვენ აუცილებლად მოვიკითხავთ შესაძლო დარღვევებს როგორც მშენებელთან, ისე ზედამხედველ ორგანოებთან.

ნეტგაზეთს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ


ამასთან, შეგიძლიათ თვითონაც დაუკავშირდეთ ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს. თუ ობიექტი, სადაც სავარაუდო დარღვევას დაინახავთ, დედაქალაქში მდებარეობს, შეგიძლიათ თბილისის მერიის მუნიციპალურ ინსპექციასაც დაუკავშირდეთ.

შრომის ინსპექციის დეპარტამენტს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ფეისბუქზე, ან ნომერზე: 15 05

თბილისის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნომერზე: 0322 72 22 22

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან