ახალი ამბები

ქალის თქმით, ჯერ მის შვილზე იძალადეს, შემდეგ კი მასზე

27 აპრილი, 2019 •
ქალის თქმით, ჯერ მის შვილზე იძალადეს, შემდეგ კი მასზე

სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” ქალი წერს, რომ ყოფილი ქმრის სახლში მის შვილს სცემეს, აღნიშნულის გაპროტესტების შემდეგ კი თავად გახდა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. პოსტის თანახმად, შემთხვევა ქალაქ ვანში მოხდა.

ქალის ინფორმაციით, ინციდენტი 26 აპრილს მოხდა, როცა ბავშვი ყოფილ ქმარს გააყოლა. როგორც ამბობს, მეუღლეს ის ძალადობის გამო გარკვეული ხნის წინ დაშორდა.

პოსტის ავტორის თქმით, საღამოს კაცის სახლში მისულმა აღმოაჩინა, რომ ბავშვს დაზიანებები აღენიშნებოდა, რაზეც ყოფილმა დედამთილმა მიუგო, რომ მცირეწლოვანი, სავარაუდოდ, ყოფილი ქმრის მეგობარს “წაექცა”.

“ისეთი დაზიანებები აქვს, ერთი წაქცევით ვერ მოუვიდოდა სახეზე”, – წერს ის.

ამის შემდეგ, როგორც ქალი წერს, დედასთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ყოფილი ქმრის მეგობრის სახლში მივიდა, სადაც ყოფილი ქმარიც იმყოფებოდა.

ქალის თქმით, ვითარებაში გარკვევის მცდელობისას მასზე ყიფილი ქმრის მეგობარმა, მისმა მამამ და დამ ფიზიკურად იძალადეს. მისი განცხადებით, აღნიშნული პირები ძალადობას შეეცადნენ დედამისზეც, რომელსაც ხელში მცირეწლოვანი ეჭირა.

“ნეტგაზეთი” ვითარების გასარკვევად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ პოსტის გმოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში გამოძიება 126–ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

“მიმდინარეობს გამოკითხვები, დაინიშნა სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზა, როგორც ბავშვის, ისე დედის ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის დადგენის მიზნით”, – აცხადებს შსს.

მასალების გადაბეჭდვის წესი