28-29 აპრილს თბილისის სასაფლაოებთან მიმავალ გზებზე შეზღუდვები დაწესდება

28-29 აპრილს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისში მდებარე სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდება – ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების თანახმად:

  •  საბურთალოს სასაფლაოსთან ავტომანქანებით მისვლა შესაძლებელი იქნება ვაჟა-ფშაველას გამზირიდან სანდრო ეულის ქუჩისა და უნივერსიტეტის ქუჩის გავლით. სასაფლაოს ტერიტორიას ავტომანქანები უნივერსიტეტის ქუჩით, თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით დატოვებენ.

 

  • კუკიის სასაფლაოს მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება ჩიტაიას მოედნიდან, ნორიოს აღმართისა და მამარდაშვილს ქუჩის გავლით. სასაფლაოს ტერიტორიას ავტომანქანები ცაიშის, ქვალონის, აბაშიძის და 9 ძმის ქუჩებით დატოვებენ.

 

  • მუხათგვერდის სასაფლაოსკენ ავტომანქანებისთვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება როგორც დავით აღმაშენებლის ხეივნიდან, ასევე, ფარნავაზ მეფის გამზირიდან.

 

  • თბილისის ზღვის სასაფლაოს მიმართულებით, ავტომანქანებისთვის მოძრაობა ნებადართული იქნება ხუდადოვის და ანაპის დივიზიის ქუჩებით, ასევე, თემქის მხრიდან. სასაფლაოდან წამოსვლა შესაძლებელი იქნება მუხრანის, ბეჟანიშვილისა და ხუდადოვის ქუჩებით.

შსს-ს თანახმად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი სასაფლაოებთან მიმოსვლისთვის ამავე მარშრუტებით იმოძრავებს.

უწყება მოქალაქეებს ასევე აფრთხილებს, რომ რეგიონების საავტომობილო გზებზე მოძრაობის შეფერხების თავიდან ასაცილებლად, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე, სატვირთო ავტომანქანების გადაადგილება პერიოდულად შეიზღუდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან