ბავშვები, რომლებიც თან ახლდნენ საზღვარგარეთიდან ჩამოსულ უკრაინის მოქალაქე ქალს, სოცსააგენტომ სახელმწიფო ზრუნვაში გადაიყვანა. ნეტგაზეთს ქუთაისის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსმა სოცმუშაკმა, მზევინარ ღაჭავამ უთხრა, რომ ამ დროისთვის ზრუნვაში 8 ბავშვია გადაყვანილი, დანარჩენი 2 კი კლინიკაში რჩება.
რაც შეეხება ქალს, რომლის წინააღმდეგაც გამოძიება ტრეფიკინგის ბრალდებით მიმდინარეობს, ის სამართალდამცველებმა დააკავეს.
სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ დაელოდებიან გამოძიებას, რის შემდეგაც სამომავლო ნაბიჯებს დაგეგმავენ. მათივე თქმით, პროცესში უნდა ჩაერთოს ბავშვების მამა და ის ქვეყანა, საიდანაც ქალმა ბავშვები ჩამოიყვანა.
შსს-ს თანახმად, ბავშვები საქართველოში მიმდინარე წლის 8 აპრილს თბილისი-მოსკოვის რეისით შემოიყვანა ქალმა, რომელიც უკრაინის მოქალაქეა. სამინისტროს განცხადებით, ქალი ბავშვების ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაყვანას აპირებდა. უწყების ხელთ არსებული დოკუმენტაციის მიხედვით, ათივე მათგანი აღნიშნული პირის შვილია, 4 მათგანი კი 2017 წელსაა დაბადებული.
არასრუწლოვნებზე ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ისინი ინტოქსიკაციის დიაგნოზით თავდაპირველად ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავეს, შემდეგ კი ქუთაისში, სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს.
შსს-მ მაშინ თქვა, რომ აღნიშნულმა გარემოებებმა ტრეფიკინგის ეჭვი გააჩინა, რის შემდეგაც გამოძიება შესაბამისი – სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო.
ვრცლად ამ ამბავზე:
10 მოწამლული ბავშვი ზუგდიდში – შსს საქმეს ტრეფიკინგის მუხლით იძიებს