ახალი ამბები

რატომ უპირისპირდება სახელმწიფო მუსლიმურ თემს

24 ოქტომბერი, 2014 • • 1215
რატომ უპირისპირდება სახელმწიფო მუსლიმურ თემს

“ადამიანების ცემის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, მაგრამ თუ აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მსგავსი რამ იყო, ამასთან დაკავშირებით შეუძლია მიმართონ გენერალურ ინსპექციას,”- აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში იმის არგუმენტად, თუ რატომ არ დაიწყო გამოძიება 22 ოქტომბერს მოხეში დაპირისპირების დროს ფიზიკური ძალადობის ფაქტზე პოლიციის მხრიდან, რაზეც ადგილობრივი მოსახლეობა მედიასთან საუბარში აცხადებს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციელების მხრიდან უკანონო ქმედებას ადგილი არ ჰქონია, თუმცა გამოცემა “სამხრეთის კარიბჭემ” 22 ოქტომბერს გაავრცელა სოფელ მოხეში მცხოვრები 59 წლის შურა მიქელაძის ფოტო, სადაც ჩანს, რომ ქალს ცხვირი აქვს დაზიანებული და ამბობს, რომ პოლიციელმა დაარტყა:

 

„მივედი ჩემი მეჩეთის დასაცავად, მინდა, რომ ჩვენი სამლოცველო გვქონდეს. ამის გამო დავაშავე რამე?! დავინახე, რომ კაცს კლავდნენ და იქით გავიქეცი. პოლიციელმა რომ ჩამარტყა, მახსოვს. ფორმა ეცვა, მეტი აღარაფერი მახსოვს, დავეცი, გავითიშე, რა დროს წამომიყვანეს მოხიდან, არ გამიგია“, – ამბობს შურა მიქელაძე, რომელსაც „სამხრეთის კარიბჭე“ საკუთარ სახლში ესაუბრა.

 

“ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, რატომ არ იწყებს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას პროაქტიულად, როდესაც მედიაში გავრცელებულია ინფორმაცია კანონდარღვევის შესახებ, შსს-ში არ პასუხობენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ წარმოუდგენელია, ამ ასაკის ადამიანმა წინაააღმდეგობა გაუწიოს პოლიციელს, შესაბამისად, სამართალდამცავების  მიერ უფლებამოსილების გადამეტების საკითხის შესწავლა სცდება შსს-ს უფლებამოსილებას და ეს საკითხი  პროკურატურამ უნდა შეისწავლოს, თუმცა შეკითხვას, დაიწყო თუ არ გამოძიება მთავარმა პროკურატურამ, საგამოძიებო უწყებაში ასევე არ პასუხობენ.

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში 22 ოქტომბერს ადგილობრივმა თვითმმართველობამ შენობის დემონტაჟი დაიწყო, სადაც ადგილობრივი მუსლიმების განცხადებით, ადრე იყო მეჩეთი და შემდეგ, საბჭოთა პერიოდში მოხდა მისი კლუბად გადაკეთება, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი ეს შენობა მიტოვებული იყო, რომელშიც ახლა გამგეობამ ბიბლიოთეკის მოწყობა გადაწყვიტა, რასაც ადგილობრივი მუსლიმები ეწინააღმდეგებიან. 22 ოქტომბერს ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას სოფელ მოხეში, სადაც პოლიციელები იმყოფებოდნენ, რომლებმაც საბოლოოდ 14 ადგილობრივი მოსახლე დააკავეს.

 

დაწყებული კონფლიქტის საბაბი ქვეყანაში მრავალი წლის განმავლობაში არსებული პრობლემაა, რაც რელიგიურ უმცირესობებისთვის ისტორიული და საკულტო ნაგებობების რესტიტუციის საკითხის მოუგვარებლობას გულისხმობს.

 

მაგალითად, 2009 წლის სახალხო დამცველის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სომეხთა წმინდა სამოციქულო ეკლესია, კათოლიკე ეკლესია, მუსლიმთა თემი აჭარაში და იუდაური თემი საკუთარი ისტორიული ქონების, რელიგიური ნაგებობების, დაბრუნებას ვერ ახერხებენ. ამავე ანგარიშშია ნახსენები ახალციხისა და ადიგენის რაიონებში უმოქმედო მეჩეთების შესახებაც.

 

ამ ნაგებობთან დაკავშირებით ისტორიული მესაკუთრის დადგენის პრობლემა წარმოიქმნება, რიგ შემთხვევაში მართლმადიდებელი მრევლიც აცხადებს პრეტენზიას ნაგებობების მესაკუთრეობასთან დაკავშირებით. სწორედ ეს მიზეზი დაასახელა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, როცა სოფელ მოხეში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამ ადგილს საკმაოდ ვრცელი ისტორია აქვს და სოფელში მცხოვრები ქრისტიანები და მუსლიმები განსხვავებულ ვერსიებს ავითარებენ.

 

“ნეტგაზეთთან” საუბრისას სოფელ მოხეს მცხოვრები პაატა რეხვიაშვილი იმავეს იმეორებს. მაგალითად, ამბობს, რომ ეს ნაგებობა ეკლესიის მშენებლობიდან დარჩენილი მასალითაა აგებული:

 

“ხომ შეიძლება, რომ მართლმადიდებელმა მოსახლეობამაც მოითხოვოს, რომ ეს ეკლესიის ქვაა და ჩვენ გადმოგვეცით?! მთავრობამ მიიღო საუკეთესო გადაწყვეტილება, რომ ეს კონფლიქტი ავირიდოთ, სხვა შემთხვევაში ჩვენ იმას მოვითხოვთ, რომ აქ ეკლესიის ქვაა და დაგვიბრუნეთ ჩვენ, ისინი თავისას მოითხოვენ და ეს კონფლიქტი გაგრძელდება, ამიტომ ჩვენ მთავრობის გადაწყვეტილებას ვეთანხმებით, რომ აშენდეს ბიბლიოთეკა”,- ამბობს ის

 

შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი რელიგიური ნაგებობის ნაცვლად სხვა დაწესებულების, მაგალითად, კულტურული ცენტრის ან ბიბლიოთეკის  გახსნა არაა. “ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” წარმომადგენელი თამთა მიქელაძე ამბობს, რომ სანამ სახელმწიფო არ შეიმუშავებს რესტიტუციის პოლიტიკას, მათ  შორის ისტორიული მესაკუთრის დადგენის სამართლიან კრიტერიუმებს, ამ საკითხის გადაწყვეტა, ნაგებობის კულტურის ცენტრად გადაქცევა აბსოლუტურად უსამართლო და არადემოკრატიული პროცესია, რომლითაც რელიგიური უმცირესობების, ამ შემთხვევაში კი მუსლიმი თემის უფლებების შეზღუდვას იწვევს.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფოს განსხვავებული პოლიტიკა აქვს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ. კონსტიტუციური შეთანხმება, რომელიც სახელმწიფომ მართლმადიდებელ ეკლესიასთან 2002 წელს გააფორმა, ქვეყანას საპატრიარქოსთვის გასაბჭოებამდე და გასაბჭოების შემდეგ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას ან ანაზღაურებას ავალდებულებს.

 

“თუმცა რესტიტუციის ანალოგიური პრინციპით სახელმწიფო სხვა რელიგიურ გაერთიანებებთან მიმართებით არ ხელმძღვანელობს, რითაც უთანასწორო ანუ დისკრიმინაციულ მოპყრობას იჩენს დასახელებული რელიგიური გაერთიანებებისადმი”, – ვკითხულობთ სახალხო დამცველის 2009 წლის ანგარიშში.

 

მეჩეთთან მობილიზებული პოლიცია ფოტო: მე-9 არხი, ახალციხე
მეჩეთთან მობილიზებული პოლიცია ფოტო: მე-9 არხი, ახალციხე

 

რელიგიური უმცირესობისთვის ქონების გადაცემის საკითხი უკვე მრავალი წელია დგას და ამის შესახებ სახალხო დამცველის ყველა ყოველწლიურ ანგარიში ვკითხულობთ. თამთა მიქელაძე ორ მიზეზს ასახელებს, რითაც მისი აზრით, ამ საკითხის მოუგვარებლობა სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკური ნების არარსებობით აიხსნება:

 

“ხელისუფლება ერიდება დომინანტ რელიგიურ ორგანიზაციასთან და საპატრიარქოსთან კონფრონტაციაში შესვლას, რადგან ისინი ძალიან მნიშვნელოვან ძეგლებზე აცხადებენ პრეტენზიას. მეორე საკითხია ის, რომ სახელმწიფოს ამ ფორმით შეუძლია კონტროლი იქონიოს ამ ორგანიზაციებზე, მაგალითად, ქონების გაფართოების თუ რეკონსტრუქციის საკითხი მთავრობის გარეშე  ვერ იქნება მიღებული. ამიტომ, როცა საკუთარ იურიდიულ მესაკუთრეობას ავრცელებს ამ ნაგებობებზე, ის არის უფლებებით აღჭურვილი პირი და ეს კონტროლის ფორმაა”.

 

2014 წლის თებერვალში, საქართველოს მთავარობის გადაწყვეტილებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დაფუძნდა, სააგენტომ რელიგიურ საკითხებში მთავრობის პოლიტიკა უნდა განახორციელოს. დებულების მიხედვით, სააგენტო უშუალოდ პრემიერ-მინისტრს ექვემდებარება. როგორც თამთა მიქელაძე ამბობს, როდესაც მთავრობამ ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ანაზღარურების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რელიგიური უმცირესობების მთავარი მოთხოვნა არა თანხობრივი კომპენსაცია, არამედ მათი კუთვნილი საკულტო ნაგებობების დაბრუნება იყო, სწორედ ამის საფუძველზე შეიქმნა რელიგის საკითხთა სააგენტო.

 

ჭელის მინარეთის წინამძღვარი ჯამბულ აბულაძე ამბობს, რომ უკვე ოთხი თვეა სააგენტოს ხელმძღვანელთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა ამას ვერ მიაღწიეს:

 

“4 თვის გნმავლობაში გვატყუებენ ეს ადამიანები, ჩვენ ვესაუბრებოდით ტელეფონით და ვეკითხებოდით, როდის ჩამოვიდეთ, ბატონო ზაზა, რომელ დღეს ჩამოვიდეთ, გვპასუხობდა, არ მცალია, სტუმრები მყავს, საზღვარგარეთ მივდივარ და ასე შემდეგ”, – ამბობს ჯამბულ აბულაძე.

 

რელიგიის საკითხთა სააგენტოს პრესამსახურის წარმომადგენლის ლელა ფირალიშვილის განცხადებით, ზაზა ვაშაყმაძე საქმიანი ვიზიტით რიგაში იმყოფება და მისთვის უცნობია, რატომ ვერ შედგა ეს შეხვედრა:


“ზაზა ვაშაყმაძის ნაცვლად როგორ გაგცეთ პასუხი? ადამიანი აქ არ არის და უხერხულიც არის, გითხრათ, რომ მან ვერ მოახერხა, ვერაფერს გეტყვით, რატომ ვერ შეხვდა”, – ამბობს ის.

 

სააგენტომ განცხადებაც გაავრცელა, რომლის თანახმადაც სტრუქტურამ ოფიციალური წერილის საფუძველზე უნდა დაიწყოს მოკვლევა და ასეთი ოფიციალური წერილი იურიდიულ სამსახურში არ შესულა. ჯამბულ აბულაძის განცხადებით კი, ოფიციალური წერილი ზაზა ვაშაყმაძეს ბათუმში ერთი თვის წინ სამცხე-ჯავახეთის მუფთმა გადასცა.

 

მუსლიმი თემი ძველი მეჩეთის ნაგებობის მუსლიმთა სამმართველოსთვის გადაცემას ითხოვს, როგორც ჯამბულ აბულაძე აცხადებს, მუსლიმი თემისთვის მნიშვნელოვანია მათი წმინდა სალოცავი ბიბლიოთეკად და კლუბად არ იქცეს:

 

“ადამიანები შეცდომაში შეჰყავთ, რომ იმ სოფელში არის მეჩეთი და დამატებით ითხოვენ მეჩეთს. არ ვითხოვდით მეჩეთს, განცხადებები ნახეთ, 500 ადამიანის ხელმოწერილი, რომ არ შეიძლება სამლოცველოში გინდა კლუბი იყოს, გინდაც ბიბლიოთეკა. ამ ერთ შენობას რატომ ანაცვალებენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას? იყოს სუფთად და დაკეტილი. რატომ ვნერგავთ სიძულვილს ადამიანებს შორის? სოფელში შენდება ეკლესია და ჩვენი ხალხი ეხმარება ეკლესიის აშენებაში, იქნებ ეს ხალხი შევიდეს ეკლესიაში, ისწავლოს ღმერთის, მოყვასის, მეზობლის სიყვარული. უსიყვარულოდ ამ ქვეყანას ვერ ავაშენებთ. ვფიქრობ, ძალიან არაკომპეტენტური ადამიანები მოვიდნენ ხელისუფლებაში, რომლებიც საერთოდ ვერ აკეთებენ ანალიზს და საზოგადოებას ხლეჩენ. ამ ამბების შემდეგ ჩატეხილი ხიდის აღდგენას რამდენი ხანი დასჭირდება?”-ამბობს აბულაძე.

 

“ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, რა კონკრეტული ნაბიჯები გადადგა რელიგიის საკითხთა სააგენტომ იმ საკითხების მოსაგვარებლად, რისთვისაც ეს უწყება შეიქმნა, პრესსამსახურში გვპასუხობენ:

 

“4 თვეა, რაც ეს სამსახური მუშაობს, 20 წელიწადში და 2 საუკუნის განმავლობაში დაგროვებული პრობლემებია, მართლა საგანგებო რეჟიმში უწევს ყველას მუშაობა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი